სადაზღვევო გზამკვლევის პრეზენტაცია
2010 წლის 1 ნოემბერს სასტუმრო შერატონ მეტეხში ჩატარდა საჯარო განხილვა თემაზე „ჯანმრთელობის დაზღვევით სარგებლობა, კმაყოფილება და საფრთხეები“, რომელიც მოაწყო კვლევითმა საგანმანათლებლო ორგანიზაციამ „პარტნიორობა სოციალური ინიციატივებისათვის“ (PSI).
დისკუსია გაიმართა სამი კვლევის შედეგებისა და სსიპ „ჯანმრთელობის დაზღვევის მედიაციის სამსახური“-ს სტატისტიკის საფუძველზე. კვლევები ჩატარდა 2010 წლის ივლისიდან ოქტომბრის ჩათვლით მარკეტინგული კვლევებისა და კონსულტაციის კომპანია ACT Research–ის, გამოყენებითი კვლევების კომპანია ARC–ის და საქართველოს სადაზღვევო ასოციაციის ახალი სამსახურის – „სადაზღვევო გზამკვლევის“ მიერ.
შესწავლილ იქნა როგორც თბილისის, ასევე საქართველოს ქალაქების მოსახლეობის დაზღვევის მომსახურებით სარგებლობის ინტენსიურობა, კმაყოფილების ხარისხი, გამოკვეთილი პრობლემები და ა.შ.
განსხვავებული მეთოდოლოგიით ჩატარებულმა კვლევებმა, პრაქტიკულად, იდენტური შედეგები გამოავლინა. კერძოდ, კვლევათა შედეგებმა ცხადყო, რომ მოსახლეობის სადაზღვევო მომსახურების კუთხით ვითარება გაუმჯობესებულია და მომხმარებლის კმაყოფილების ხარისხი მაღალია.
ამავდროულად თვალსაჩინოა ის საფრთხეები, რომელიც ბოლო პერიოდის განმავლობაში იკვეთება. კერძოდ, სადაზღვევო ბაზარზე ნაკლებად კვალიფიცირებული და სუსტი ინფრასტრუქტურის მქონე სადაზღვევო კომპანიების გააქტიურებამ გააუარესა სამედიცინო სერვისების ხელმისაწვდომობა და მოსახლეობის კმაყოფილების ხარისხი, რაც ნეგატიურად აისახა სადაზღვევო ინდუსტრიისადმი განწყობის საერთო პოზიტიურ ფონზე.
შექმნილი ვითარება ცხადყოფს, რომ ეს პრობლემა სახელმწიფოს, სადაზღვევო ინდუსტრიის და ყველა დაინტერესებული მხარის მიერ დროულ და ეფექტიან გადაჭრას საჭიროებს, რათა დაზღვეული მოსახლეობის კმაყოფილების გაუარესების ტენდენციამ არ მიიღოს შეუქცევადი ხასიათი.
ამ გამოწვევებზე ადექვატური რეაგირების, დაზღვევის მომხმარებლის უფლებების დაცვის, მათი ინფორმირების და ხარისხიანი სადაზღვევო მომსახურების დანერგვის ხელშეწყობის მიზნით, საქართველოს სადაზღვევო ასოციაციაში ამოქმედდა ახალი სამსახური – „სადაზღვევო გზამკვლევი“, რომელიც ყველა დაინტერესებულ პირს გაუწევს შესაბამის კონსულტაციას, დაეხმარება მისთვის საინტერესო ინფორმაციის მიღებასა და პრობლემების გადაჭრაში.
04.11.2010