„საქართველოს სადაზღვევო კომპანიათა ასოციაციის პრეზიდენტი’’ დევი ხეჩინაშვილი აცხადებს, რომ საჭიროა ავტომფლობელთა მესამე პირის პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევის ამოქმედება. მისი თქმით, კანონპროექტმა ყველა შესაბამისი პროცედურა უკვე გაიარა და პარლამენტის მიერ განსახილველ დოკუმენტების სიაშიც არის შეტანილი, თუმცა კანონი ამ დრომდე არ არის მიღებული. დევი ხეჩინაშვილი განმარტავს, რომ საქართველოში რეგისტრირებული მილიონ 700 ათასი ავტომობილიდან მხოლოდ 140 ათასამდეა დაზღვეული, რაც დაბალი მაჩვენებელია. მისი შეფასებით, პრობლემის მოსაგვარებლად საჭიროა სავალდებულო დაზღვევის დროული ამოქმედება.
საქართველოს მთავრობის 2024 წლის სამოქმედო გეგმის თანახმად, ავტოსატრანსპორტო საშუალების მფლობელის სამოქალაქო პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევის სისტემის დანერგვა იგეგმება. კანონპროექტი პარლამენტს ექვსი წლის წინ წარედგინა, მიმდინარე წელს კი თავიდან დაინიცირდა.