დაზღვევის ზედამხედველობის სამსახურს ახალი უფროსი ჰყავს

ჩვენი მიზანია საქართველოში იყოს ძლიერი სადაზღვევო ბაზარი, რათა ყველა სადაზღვევო კომპანიამ, ყველა დაზღვეულს შესთავაზოს და გაუწიოს მაღალ ხარისხიანი სერვისი – ამის შესახებ “კომერსანტთან“ საუბარში დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის ახალი უფროსი იოსებ გოგოლაშვილი აცხადებს.

მისი თქმით, საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახური აგრძელებს დაწყებული გეგმების განხორციელებას სადაზღვევო ბაზრის ზედამხედველობისა და რეგულაციისათვის.

„ჩემი, როგორც ახალი ხელმძღვანელის პრიორიტეტებია: სადაზღვევო ბაზრის გადახდისუნარიანობის და სტაბილურობის უზრუნველყოფა; ევროკავშირის სტანდარტებთან შესაბამისობის უზრუნველყოფა; ადგილობრივი ბაზრის ინტერესების - სადაზღვევო კომპანიების და მომხმარებელთა უფლებების დაცვა;

დაზღვევის სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის გატარება; სადაზღვევო ბაზრის ფინანსური სტაბილურობისთვის ხელის შეწყობა, ასევე სადაზღვევო ორგანიზაციების ქმედითუნარიანობისა და გადახდისუნარიანობის უზრუნველყოფა.

მომხმარებელთა უფლებების დაცვა, საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში; კონკურენტუნარიანი გარემოს შექმნა, რისთვისაც იგი ახორციელებს სადაზღვევო საქმიანობის განზოგადებას; კომპეტენციის ფარგლებში ნორმატიული და მეთოდოლოგიური ბაზის შექმნა და მისი შესრულების კონტროლი; სახელმწიფო ხელისუფლების და/ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების მიერ ინიცირებული სახელმწიფო, მუნიციპალური და დარგობრივი სადაზღვევო პროგრამების შეთანხმება; ჩვენი მიზანია საქართველოში იყოს ძლიერი სადაზღვევო ბაზარი, რათა ყველა სადაზღვევო კომპანიამ, ყველა დაზღვეულს შესთავაზოს და გაუწიოს მაღალ ხარისხიანი სერვისი,“ – აცხადებს გოგოლაშვილი.

რაც შეეხება ბოლო პერიოდის ერთერთ ყველაზე აქტუალურ თემას დაზღვევის სფეროში – ავტოსატრანსპორტო საშუალებათა მფლობელთა სამოქალაქო პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევას, იოსებ გოგოლაშვილის თქმით, ამ თემაზე მუშაობა გრძელდება, მიმდინარეობს აქტუალური დათვლები, გადახდის მექანიზმების, ადმინისტრირების და სხვა საკითხები, რათა ყველა დეტალი იყოს გამართული.

შეგახსენებთ, რომ დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის უფროსის პოსტზე გოგოლაშვილმა ლაშა ნიკოლაძე შეცვალა, რომელმაც თანამდებობა 2 დეკემბერს დატოვა. მაშინ მან თანამდებობის დატოვების მოტივზე საუბარი არ ისურვა.
გაზეთი  "ბანკები და ფინანსები"
06.01.2015
Bookmark this post on del.icio.usDigg this post on digg.comSubmit to PropelleSubmit this post on reddit.comShare on FacebookBookmark this post on Google
<< უკან დაბრუნება
COPYRIGHT © 2010 - 2024
CREATED BY
Neomedia