ფერმერები აგროდაზღვევის გაძვირების შემთხვევაშიც პროექტში ჩართვისთვის მზად არიან

ხელისუფლება სექტემბრიდან აგროდაზღვევის პროექტში სუბსიდირებას ამცირებს და ბიუჯეტს აორმაგებს. საქართველოს მთავრობის მიერ დამტკიცებული პროექტით, პროგრამისთვის 10 მილიონი ლარიგამოყოფილი, აქედან სახელმწიფო სუბსიდირების მოცულობა 40%-დან 60 %-მდე  იქნება. ეს შეეხება 5 ჰექტრამდე მიწას, ხოლო ხორბლის შემთხვევაში 15 ჰექტრამდე.

 

 

მიმდინარე საპილოტე პროექტის ფარგლებში მთლიანი ბიუჯეტი 5 მილიონი ლარი იყო, სახელმწიფოს თანამონაწილეობა კი 70%-დან 95%-მდე. საპილოტე პროექტი გასული წლის 1 სექტემბერს დაიწყო და მიმდინარე წლის სექტემბრამდე გაგრძელდება.

 

 

აგროდაზღვევის პროგრამის განმავლობაში დაახლოებით 20 ათასი პოლისია გაყიდული, ასანაზღურებელი ზარალის ოდენობამ კი მილიონ ნახევარ ლარს გადააჭარბა.

 

 

რა შეფასებები აქვთ ფერმერებს, რომლებმაც უკვე ისარგებლებს აგროდაზღვევის პროექტით და აპირებენ თუ არა ისინი პოლისის გაძვირების შემთხვევაში აგროდაზღვევის პროგრამაში მონაწილეობის გაგრძელებას?

 

 

„კომერსანტი“ იმ ბენეფიციარებს დაუკავშირდა, რომლებიც უკვე დაზარალდნენ. ამიტომ ძირითადად აჭარის რეგიონში დაზღვეული ფერმერები გამოვკითხეთ.

 

 

ხელვაჩაურის რაიონ სოფელ თხილნარის მკვიდრმა მერაბ აკვაზბამ სადაზღვევო პოლისი „ირაოსგან“ შეიძინა და მანდარინის ბაღი დააზღვია. სექტემბრის შემდეგ ფერმერმა სეტყვის გამო უკვე იზარალა და ზარალიც აინაზღაურა.

 

 

როგორც აკვაზბამ „კომერსანტს“ განუცხადა, მისი სოფელი მთიან რაიონშია, რის გამოც ნალექიც შედარებით ძლიერი იყო და სერიოზული ზარალი მიიღო, თუმცა, სადაზღვევომ ზარალი 900 ლარის ოდენობით აუნაზღაურა.

 

 

კითხვაზე, დააზღვევს თუ არა მომავალ წელსაც მოსავალს პოლისის გაძვირების შემთხვევაში, აკვაზბა ამბობს, რომ თუ ფასი ხელმისაწვდომი დარჩება, როგორც წელს, პროექტში აუცილებლად ჩაერთვება.

 

 

„პროგრამაში რომ ჩავრთულიყავი 18 ლარი გადავიხადე, დანარჩენი სუბსიდირება სახელმწიფოს ექნება ჩადებული. თავის დროზე აქ ერთ-ერთი ორგანზიაცია აზღვევდა მოსავალს, მაგრამ მაშინ ძვირი იყო სადაზღვევო პაკეტი და მოსახლეობა ვერ წვდებობდა. ტონაზე დაახლოებით 50 ლარს იხდიდნენ და მოსახლეობას უჭირდა დაზღვევა. თუ შეღავათები იქნება, გლეხობა გააგრძლებს დაზღვევას, მაგრამ თუ იგივე გაგრძელდება, რაც წინა წლებში ხდებობდა, ხალხი ვერ დააზღევს“,- აცხადებს ფერმერი.

 

 

მისივე განცხადებით, მის სოფელში 1000 კომლიდან დაახლოებით 400-ს დაზღვევა გაკეთებული აქვს და მოსახლეობის უმეტესობა პირობებით კმაყოფილია.

 

 

ხელვაჩაურის რაიონის სოფელ კონდიდში მცხოვრები თინა გოგიტიძეც აპირებს, რომ მომავალ წელს პროექტში ჩაერთოს. მისი თქმით, „ირაოს“ სადაზღვევო პოლისი 30 ლარად შეიძინა და მანდარინის ბაღი დააზღვია, ზარალის მიღების შემდეგ კი 360 ლარი აუნაზღაურეს. ფერმერი ამბობს, რომ მომავალ წელს 20-25 ტონა მოსავალს ელოდება, ამიტომ დაზღვევაში ჩართვას აუცილებლად გეგმავს. როგორც ამბობს, ასეთ დროს თავს უფრო უსაფრთხოდ გრძნობს.

 

 

აგროდაზღვევით კმაყოფილია ქობულეთის რაიონის სოფელ ხუცუბანის მკვიდრი ჯონი ცივაძეც. მისი ტქმიტ, „ჯი-პი-აი ჰოლდინგში“ 10 ტონა მანდარინის დაზღვევა 24 ლარი დაუჯდა და დაზარალების შემდეგ 900 ლარი აინაზღაურა. ფერმერი ამბობს, რომ თუ სხვა წლებშიც იგივე დამოკიდებულება გაგრძელდა სადაზღვევოებისა და სახელმწიფოს მხრიდან, მომავალშიც ჩაერთვება აგროდაზღვევის პროექტში.

 

 

პოლისის გაძვირების შემთხვევაში პროექტში დარჩენას გეგმავს ხელვაჩაურის რაიონის სოფელ ერგეს მკვიდრი ბორის  მგელაძე. მისი თქმით, „ჯი-პი-აი“ ჰოლდინგში 5 ტონა მანდარინი ჰქონდა დაზღვეული, აქედან კი 3 ტონა ნახევარი იყო გაფუჭებული, რისი ანაზღაურებაც მოხდა.

 

 

„დაახლოებით 1400 ლარი ამინაზღაურეს. მომავალ წელსაც ვაპირებ, რომ დავაზღვიო. გადასახაზადზე პრობლემა არ იქნება, თუ ასე ნორმალურად იმუშავებენ“,- ამბობს ფერმერი.

 

 

მიუხედავად ზარალისა აგროდაზღვევის პროექტში დარჩენას გეგმავენ თავად სადაზღვევო კომპანიებიც. გარდა „ირაოსი“ და „ჯი-პი-აი ჰოლდინგისა“  პროექტში „ალდაგი ბი-სი-აი“ და „აი-სი ჯგუფი“ არიან ჩართულები. „ალდაგსა“ და „აი სის“ ბენეფიციარები ძირითადად აღმოსავლეთ საქართველოში ჰყავთ და ზარალს საგაზაფხულო-საზაფხულო პერიოდში ელოდებიან.

"კომერსანტი"


 

23.02.2015
Bookmark this post on del.icio.usDigg this post on digg.comSubmit to PropelleSubmit this post on reddit.comShare on FacebookBookmark this post on Google
<< back
COPYRIGHT © 2010 - 2024
CREATED BY
Neomedia