დევი ხეჩინაშვილი – საქართველო არის ერთადერთი ქვეყანა მსოფლიოს რუკაზე, სადაც არ მოქმედებს არცერთი სავალდებულო დაზღვევა

13 მაისის სტიქიის შედეგად წარმოქმნილ ზარალზე და დაზღვევის კომპონენტის მნიშვნელობაზე, აგრეთვე სადაზღვევო ინდუსტრიის განვითარებასთან დაკავშირებულ საკითხებზე ვესაუბრებით საქართველოს სადაზღვევო ასოციაციის პრეზიდენტს, დევი ხეჩინაშვილს.



- რა გამოცდილება მიიღო ქვეყანამ სტიქიის შემდეგ, სადაზღვევო ინდუსტრიის განვითარების კუთხით?

- დღეს მთავრობა და ექსპერტები ლაპარაკობენ, რომ საერთო ზარალმა სტიქიის შედეგად 100 მილიონზე მეტი შეადგინა, ზოგი ამბობს 150 მილიონამდე, ხოლო დაზღვეული ზარალი, ანუ ის ობიექტები, მანქანები, რომლებიც იყო დაზღვეული, ჯამში შეადგინა დაახლოებით 4,5 მილიონი, ამას ემატება დაღუპულთა რაოდენობა, რომელიც 20-მდეა და ამ ფონზე სიტუაცია რასაკვირველია არის საგანგაშო. მაგრამ რა უნდა ვქნათ მაშინ, როცა მაგალითად მიწისძვრა მოხდება და ზარალი მილიარდობით იქნება? ამიტომ მსოფლიო გამოცდილება აჩვენებს, რომ მთავრობამ უნდა იზრუნოს ამაზე და შექმნას სპეციალური პროგრამები, რომლის მიხედვითაც მინიმიზირება მოხდება მსგავს სიტუაციებში, როგორც მსხვერპლის რაოდენობის და ასევე მოხდება ზარალის ანაზღაურება სათანადოდ, ვინაიდან ასეთი ზარალის ანაზღაურება პირდაპირ ურტყამს მთლიან შიდა პროდუქტს, რაც საბოლოო ჯამში ყველა ჩვენთაგანის ცხოვრებაზე აისახება. 

იქ სადაც კატასტროფული მოვლენები ხდება საკმაოდ ხშირად, დაზღვევა შეიძლება არ იყოს საუკეთესო ინსტრუმენტი, მაგალითად ჰოლანდიაში რადგან წყალდიდობა ყოველდღიური საგანია, იქ სხვა სახელმწიფო უზრუნველყოფის მექანიზმებია ჩართული ამაში, ხოლო იქ სადაც მოვლენა იშვიათია, მაგრამ მძიმე შედეგიანია, ეს არის ნამდვილად სადაზღვევო თემა. ჩვენც ძალიან პროფესიულად უნდა მივუდგეთ ამ საკითხს საქართველოს თვალსაზრისით, სადაც ყველაზე დიდი პრობლემა არის მიწისძვრის ალბათობა, მასთან დაკავშირებული მეწყერები, ხანძრები და ა.შ. ამ ფონზე ძალიან მნიშვნელოვანია, რომ შევქმნათ ისეთი სისტემა საქართველოში, სადაზღვევო ინსტრუმენტზე დაფუძნებული, რომელიც მომავალში შეცვლის იმ თანაფარდობას, რაც არის გარანტირებულად ანაზღაურებულ ზარალს შორის და იმ ფულს შორის, რომელიც უნდა მოვიდეს ქველმოქმედებით, სახელმწიფო ბიუჯეტიდან და ა.შ. ყველა ნორმალურ ქვეყანაში რაღაცა ნაწილი მაინც რჩება დაუზღვეველი, მაგრამ საერთო ზარალში დაუზღვეველი ნაწილი შეიძლება იყოს 10–15% და არა 97%, როგორც საქართველოში. 

- რა უნდა გააკეთოს ერთი მხრივ სახელმწიფომ და მეორე მხრივ სადაზღვევო სექტორმა, რომ საქართველოში დაზღვევის კულტურა ამაღლდეს? 

- ცნობილია, რომ დაზღვევის ყველაზე კარგი რეკლამა არის გადახდილი ზარალი, ამიტომ, ყველა შემთხვევაში სადაზღვევო კულტურის ამაღლება ყველა ქვეყანაში ხდება, რაც შეიძლება მეტი ადამიანის ჩართვით სადაზღვევო ურთიერთობებში. ამის რეალური საშუალებები არის უპირველეს ყოვლისა, ის სავალდებულო დაზღვევები, რომელიც ჩვენ ესე ~გვჭრის ყურს”, მაგრამ, რომელიც განვითარებული ქვეყნების რისკის მართვის საფუძველს წარმოადგენს, ეს იქნება კატასტროფული მოვლენები, თუ ეს იქნება გაზრდილი რისკის მატარებლების სავალდებულო დაზღვევები მათ მიერ მესამე პირისადმი მიყენებული ზარალისთვის, ამის კლასიკური მაგალითია ავტომობილები, ბენზოგასამართი სადგურები, ქიმიური წარმოებები, პროფესიული პასუხისმგებლობა, მაგალითად ექიმის, ან იურისტის და ა.შ. ანუ იქ, სადაც არის სერიოზული პოტენციალი,  რომ მოხდეს მესამე პირის დაზარალება, მთავრობას შემოაქვს სავალდებულო დაზღვევა იმისათვის, რომ ამაღლდეს ეკონომიკური და სოციალური სტაბილურობა, ასევე პროგნოზირებადობა.

ჩვენ საქართველო ვართ, სრულიად გამორჩეული ქვეყანა, განვითარებადი მსოფლიოს რუკაზე, სადაც არ მოქმედებს არცერთი სავალდებულო დაზღვევა, ანუ ჩვენს ქვეყანაში მთავრობა ჯერ–ჯერობით არ იყენებს რისკის მართვის ამ ინსტრუმენტს, ეს უნდა გადავლახოთ და არ უნდა გვეშინოდეს ამის, რასაკვირველია, ჩვენ ძალიან კარგად გვესმის, რომ საქართველო არის სიღარიბესთან ახლოს მყოფი ქვეყანა და ამიტომ ძალიან კარგად უნდა მოვახდინოთ ამის პრიორიტეტიზაცია, მაგრამ ჩვენ გვესმის ისიც, რომ მნიშვნელოვანმა მოვლენებმა, შეიძლება ეკონომიკა დაასუსტოს, ზრდა შეამციროს, რომელიც აუცილებლად ისევ ჩვენი გადასახდელი ხდება. მაგალითად რაჭის მიწისძვრა რომ ყოფილიყო 150 კილომეტრით აქეთ, ჩვენ ისეთი ზარალი გვექნებოდა თბილისში და შემოგარენში, რომ შეიძლება დღესაც ეკონომიკა გვქონოდა იმ ზარალით ისე დატვირთული, რომ ზრდა გვქონოდა კიდე ნაკლები ვიდრე ის, რაც გვაქვს. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი თემები, არადა, მარტივად გადასაწყვეტი, არსებობს აპრობირებული გზები, ჩვენ უბრალოდ მარტივად უნდა ვნახოთ ის, რაც ჩვენს ეკონომიკურ და სოციალურ მდგომარეობას ყველაზე მეტად შეესაბამება და ეს უნდა იყოს ჩადებული საყოველთაო ინტერესში.

"ბანკები და ფინანსები"

06.07.2015
Bookmark this post on del.icio.usDigg this post on digg.comSubmit to PropelleSubmit this post on reddit.comShare on FacebookBookmark this post on Google
<< უკან დაბრუნება
COPYRIGHT © 2010 - 2024
CREATED BY
Neomedia