სადაზღვევო ასოციაციის თავმჯდომარე: უცხოურ სადაზღვევო კომპანიებს ქართულ ბაზარზე შემოსვლის მოტივაცია არ აქვთ

უცხოურ სადაზღვევო კომპანიებს არანაირი მოტივაცია არ აქვთ, რომ საქართველოს ბაზარზე შემოვიდნენ. ამის შესახებ „კომერსანტთან“ სადაზღვევო ასოციაციის თავმჯდომარე დევი ხეჩინაშვილი საუბრობს. მისი თქმით, საქართველოში უნიკალური ბაზარია, თუმცა ამ ბაზარს დაძვრა სჭირდება.

„მთავრობა ყველა შეხვედრის დროს მუდმივად საუბრობს იმაზე, რომ ამ მიმართულებით მუშაობა გააქტიურდეს, უნდა დაეზღვეს ყველა და ასე შემდეგ, თუმცა თვითონ მთავრობა თითქმის არაფერს აზღვევს“, - აცხადებს დევი ხეჩინაშვილი.

მისი თქმით, უცხოურ სადაზღვევო კომპანიებს საქართველოს ბაზარზე შემოსვლის მოტივაცია, ძირითადად, ორი მიზეზის გამო არ აქვთ.

„საქართველოს ბაზარი ძალიან მცირეა. თუმცა პროცენტულად რომ გადავანაწილოთ, მოტივაციის არქონის ძირითადი მიზეზი სულ სხვა რამაა. 80%-ით ამას ქვეყანაში სავალდებულო დაზღვევის სისტემის არარსებობა განაპირობებს. ეს ჩვეულებრივი სტანდარტია თანამედროვე მსოფლიოში, რომელიც ჩვენთან არ არსებობს. მათთვის ეს იგივეა, რომ ჩვენთან არ იყოს, მაგალითად, საგადასახადო კოდექსი. მათ ზუსტად იციან, როგორია ამ სისტემის კავშირი ბაზრის განვითარებასთან. მნიშვნელოვანია, აქვს თუ არა მთავრობას გააზრებული, რომ რისკების მართვა სადაზღვევო ინსტრუმენტით უნდა ხდებოდეს“, - აცხადებს ხეჩინაშვილი და აღნიშნავს, რომ ამ ამ საკითხზე მთავრობასთან საუბარი მუდმივად მიმდინარეობს.

მისივე შეფასებით, ქართული პოლიტიკის წარმოებაში პოპულიზმი ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორია, სავალდებულო დაზღვევა კი არაპოპულარულ ღონისძიებად ითვლება, ამიტომ ამ ნაბიჯის გადადგმა უჭირთ.

"საზოგადოების მხრიდან დაზღვევაზე დიდი დაინტერესება არსად არ არის. არავის უხარია, რომ ფული აქვს გადასახდელი. ეს რომ ასე არ იყოს, იმ განვითარებულ ქვეყნებში, სადაც უკვე 70 წელია არსებობს სავალდებულო ავტოდაზღვევა ჩათვლიდნენ, რომ აღარ არის საჭირო სავალდებულობა და გადაიყვანდნენ ნებაყოფლობითზე. მაგრამ ამას ვერ ბედავენ, იმიტომ რომ ბევრმა ადამიანმა, შესაძლოა, აღარ გადაიხადოს და ეს პრობლემა საბოლოოდ სახელმწიფოს შერჩეს. ამიტომ არ აკეთებენ ამას. ასე რომ, ერთია რა უხარია ხალხს და მეორეა რა არის სწორი“, - ამბობს სადაზღვევო ასოციაციის თავმჯდომარე.

მისივე თქმით, უცხოელებს კარგად ესმით, რა პირობები უნდა არსებობდეს, განსაკუთრებით განვითარებად ბაზრებზე, იმისათვის, რომ ბაზრის განვითარების კარგი პროგნოზები და შანსი არსებობდეს.

„საჭიროა სტანდარტების დანერგვა და ამ მხრივ ცნობიერების ამაღლება. ჩვენ ძალიან დიდი იმედი გვაქვს, რომ შევძლებთ სტანდარტის და სამოქალაქო პასუხისმგებლობის დანერგვას და უცხოური კომპანიების ქვეყანაში შემოსვლის გადაწყვეტილებაც სწორედ ამის შემდეგ გახდება აქტუალური. როდესაც უცხოელები დაინახავენ, რომ საქართველოში არსებობს ის სტანდარტული თემები, რაც წინ წევს ბაზარს, უკვე რეალური იქნება უცხოური სადაზღვევო კომპანიების ქვეყანაში შემოსვლა. დაინტერესება დღესაც არის - უცხოელები ჩამოდიან, არკვევენ აქაურ სიტუაციას, თუმცა უკან მიდიან. კონკრეტული ნაბიჯები ამ მიმართულებით, ჯერჯერობით, არ იდგმება“, - ამბობს დევი ხეჩინაშვილი.

„კომერსანტის“ ინფორმაციით, სადაზღვევო კომპანიები და ხელისუფლება სავალდებულო დაზღვევის გარკვეული ფორმების ამოქმედებას უკვე განიხილავენ. ამ ფორმებს შორისაა სტიქიისგან დაზღვევა და ავტომფლობელთა მესამე პირისადმი პასუხისმგებლობის დაზღვევა.

ხელისუფლებაში ამბობენ, რომ ამ უკანასკნელ თემას აქტუალობა არ დაუკარგავს და უკვე იდგმება ნაბიჯები, რათა 2018 წლამდე დაზღვევის ეს სავალდებულო ფორმა ამოქმედდეს.

ამის შესახებ ინფორმაცია „კომერსანტს “დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის ხელმძღვანელმა კახა გოგოლაშვილმა მიაწოდა. მისი თქმით, აღნიშნული სავალდებულო დაზღვევა 2018 წლამდე უნდა ამოქმედდეს.

 

"კომერსანტი"

14.08.2015
Bookmark this post on del.icio.usDigg this post on digg.comSubmit to PropelleSubmit this post on reddit.comShare on FacebookBookmark this post on Google
<< back
COPYRIGHT © 2010 - 2024
CREATED BY
Neomedia