Bloomberg: აშშ-ში სიცოცხლის დაზღვევაზე მოთხოვნა მცირდება

აშშ-ში სიცოცხლეს სულ უფრო ნაკლები ადამიანი აზღვევს, რაც სადაზღვევო ინდუსტრიას მნიშვნელოვან დარტყმას აყენებს. Bloomberg-ი წერს, რომ აშშ-ში ადამიანები „ურთიერთდახმარების ფონდში“ ფულის ჩადებისას  ფიქრობენ, რომ დანაზოგს აკეთებენ, თუმცა სიცოცხლის დაზღვევის პოლისის შეძენისას ჰგონიათ, რომ დიდ ფულს ხარჯავენ. 

„სიცოცხლის დაზღვევის შეძენა არც ისე სასიამოვნო პროცესია. ამით ვერც კმაყოფილებას და ვერც პირად სარგებელს ვერ ნახულობ,“ – ამბობს ჯონ შლიფსკე, რომელიც აშშ-ში სიცოცხლის დაზღვევის სიდიდით მეორე სადაზღვევო კომპანიის აღმასრულებელი დირექტორია. 

მილიონობით ამერიკელს სიცოცხლის დაზღვევა არ შეუძენია და რაც მთავარია, სადაზღვევო პოლისების გაყიდვები უკანასკნელ ხანებში მკვეთრად იკლებს. თანაც, ეს იმის ფონზე ხდება, რომ მილენიალების (1980-2000 წელს დაბადებულთა) თაობის ნაწილი უკვე შვილებს აჩენს. 

სავაჭრო ორგანიზაციის, Limra-ს კვლევის მიხედვით, ამერიკელების 30%-მა იცის, რომ სიცოცხლის დაზღვევის შეძენა მათთვის მნიშვნელოვანია, ამ პროდუქტის შეძენა ხანგრძლივი და ძვირადღირებული პროცესია. McKinsey & Co.-ს მიერ ჩატარებული კვლევა აჩვენებს, რომ აღნიშნული პოლისის შეძენა მაღალ ხარჯებთან, უამრავ ქაღალდზე ხელმოწერასთან და სადაზღვევო აგენტებთან მომაბეზრებელ ურთიერთობასთან ასოცირდება, რომლებიც ხშირად ობიექტურ ინფორმაციას არ იძლევიან. McKinsey & Co.-ს კვლევის თანახმად, სადაზღვევო ინდუსტრია ადამიანთა ქცევისა და შეხედულებების ცვლილებებს გვიან ეხმაურება. 

Bloomberg–ი აღნიშნავს, რომ Amazon-ისა და Uber-ის ეპოქაში სადაზღვევო ინდუსტრია კვლავ 19-ე საუკუნის წესებით ცდილობს მომხმარებლის მიზიდვას. ამერიკის მასშტაბით სადაზღვევო კომპანიებს მილიონობით აგენტი ჰყავთ, რომელთა დანიშნულება მეზობლების კარგად გაცნობა, მათთან ერთად ეკლესიასა და გოლფის მოედნებზე სიარული და მათი სადაზღვევო კომპანიის ოფისში შეტყუებაა. პრინსტონის უნივერსიტეტის პროფესორი, ბარტონ მალკილი თავის წიგნში, „გასეირნება უოლ სტრიტზე,“ წერს: „ყურადღებას ნუ მიაქცევთ მშიერ სადაზღვევო აგენტებს, რომლებიც ცდილობენ გაურკვეველი ფინანსური პროდუქტები მოგყიდონ.“ მისი რეკომენდაციაა, დაინტერესებულმა ადამიანებმა სადაზღვევო აგენტებს ყურადღება საერთოდ არ მიაქციონ და სადაზღვევო პოლისები ისეთ საიტებზე მოიძიონ, როგორიცაა Term4Sale. სადაზღვევო ინდუსტრიის პრობლემას სტატისტიკა ნათლად ასახავს: გასული 30 წლის განმავლობაში აშშ-ს მოსახლეობა 84 მილიონით გაიზარდა, სიცოცხლეს კი უფრო და უფრო ნაკლები ადამიანი აზღვევს.

"კომერსანტი"

25.05.2016
Bookmark this post on del.icio.usDigg this post on digg.comSubmit to PropelleSubmit this post on reddit.comShare on FacebookBookmark this post on Google
<< უკან დაბრუნება
COPYRIGHT © 2010 - 2024
CREATED BY
Neomedia