"რეზონანსი": არჩევნების შემდეგ საყოველთაო ჯანდაცვა, სავარაუდოდ, შეიცვლება

საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამამ არჩევნების შემდეგ, შესაძლოა, გარკვეული მოდიფიკაცია განიცადოს. ცვლილებასთან დაკავშირებით პრემიერმა კვირიკაშვილმა განცხადება უკვე გააკეთა. ერთ-ერთი ვერსიით ის ბენეფიციარები, რომელთაც მაღალი შემოსავალი აქვთ, პროგრამაში აღარ ჩაერთვებიან და მათ კერძო დაზღვევით სარგებლობა მოუწევთ.

ბენეფიციართა შემოსავლების მიხედვით დიფერენცირებას სპეციალისტები დადებითად აფასებენ. ეკონომისტ ზვიად კანდელაკის თქმით, კარგი იქნება, თუ ამ შემთხვევაში ისეთი რეფორმა გატარდება, როგორც ეს დევნილთა შემწეობის გაცემასთან დაკავშირებით მოხდა.

“ის დევნილი, რომლის ყოველთვიური შემოსავალი 1250 ლარს შეადგენს, დევნილთა შემწეობას აღარ იღებს. კარგი იქნება, თუ მთავრობა აქაც ანალოგიური მიდგომით იხელმძღვანელებს. შემოსავლების სამსახურს გააჩნია მონაცემთა ბაზა და ამ ბაზის მიხედვით შეიძლება მაღალშემოსავლიანი მოსახლეობის დადგენა. არ შეიძლება, დაბალ და მაღალშემოსავლიანებს სახელმწიფო ჯანდაცვას ერთნაირად უფინანსებდეს. აუცილებელია დიფერენცირება და კარგი იქნება, თუ ეს მალე მოხდება”, – განაცხადა ზვიად კანდელაკმა.

შეგახსენებთ, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა 2013 წლის 28 თებერვლიდან ამოქმედდა და ის საქართველოს ყველა იმ მოქალაქეს შეეხო, რომელსაც 28 თებერვლის მდგომარეობით, დაზღვევა არ გააჩნდა. პროგრამა 453 ნოზოლოგიის, ოჯახის ექიმის მომსახურებისა და ბაზისური ლაბორატორიული ანალიზების დაფინანსებას ითვალისწინებდა. 2014 წლის განმავლობაში კი საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამას საყოველთაო დაზღვევის პროგრამის ბენეფიციარები ეტაპობრივად შეურთდნენ.

უკვე 2013 წლის 1-ლი ივლისიდან კი საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა (უნივერსალური ჯანდაცვის პროგარამა) გაფართოვდა და შესაბამისად, ურგენტული შემთხვევების დაფინანსების სპექტრიც: პროგრამა ამბულატორიაში ოჯახის ექიმის მომსახურების, ინსტრუმენტული და ლაბორატორიული კვლევების დაფინანსებასაც ითვალისწინებს. ასევე ფინანსდება სხვადასხვა გეგმიური ოპერაციები.

მაშინ ჯანმრთელობის დაზღვევიდან სადაზღვევო კომპონენტის ამოგდებას სპეციალისტთა ნაწილი აკრიტიკებდა. ამბობდნენ, რომ ეს პროგრამა სადაზღვევო ბაზარს სერიოზულად დააზარალებდა, რადგან ბენეფიციართა დიდი ნაწილი კერძო დაზღვევაზე უარს იტყოდა. საბოლოოდ კი მნიშვნელოვნად გაიზრდებოდა საბიუჯეტო ხარჯი.

სპეციალისტთა პროგნოზი გამართლდა, ამ პროგრამის ამოქმედების შემდეგ მოსახლოების გარკვეულმა ნაწილმა კერძო დაზღვევაზე უარი თქვა და საკუთარი ჯანმრთელობა სახელმწიფოს მიანდო. შესაბამისად, მნიშვნელოვნად გაიზარდა პროგრამით მოსარგებლეთა რაოდენობაც და დაფინანსებაც. შარშან პროგრამას 90 მილიონი ლარის დამატება მოუწია, წელს კი მისი ბიუჯეტი 2015 წელთან შედარებით 100 მილიონით გაიზარდა.

ახლა ირკვევა, რომ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამამ, შესაძლოა, მოდიფიკაცია განიცადოს. როგორც პრემიერი კვირიკაშვილი აცხადებს, ჯანდაცვის სამინისტრო ამ მიმართულებით აქციურად მუშაობს.

“ჯანდაცვაში ძალიან მნიშვნელოვანი პროექტი განხორციელდა, როდესაც ჩვენს მოქალაქეებს აღარ აქვთ იმის საჭიროება, რომ საკუთარი სახლი, საკუთარი ქონება დააგირაონ, რათა გაიკეთონ მათთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ოპერაცია და იმკურნალონ”, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

მიუხედავად ამისა, კვირკაშვილი მიიჩნევს, რომ არსებული სისტემა იდეალური არ არის და ჯანდაცვის მინისტრი ძალიან აქტიურად მუშაობს არსებული სისტემის მოდიფიკაციაზე, რათა ის უფრო მეტად საჭიროებაზე ორიენტირებული გახდეს. მოხდეს რესურსების გადანაწილება ისე, რომ იმ მოქალაქეებს, რომლებსაც უფრო მეტად სჭირდებათ სახელმწიფოს მხრიდან დახმარება, მიიღონ უფრო მნიშვნელოვანი პაკეტი.

“ჩემი აზრით, მინისტრებს ნამდვილად არ უნდა ჰქონდეთ საყოველთაო ჯანდაცვის პაკეტი. მე პირადად, მაქვს კერძო დაზღვევით ვსარგებლობ და ვფიქრობ, იმ ადამიანებმაც, რომლებსაც აქვთ მაღალი შემოსავალი, უნდა იქონიონ კერძო ჯანდაცვის პაკეტი”, – აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.

გაზეთი "რეზონანსი"

19.04.2016
Bookmark this post on del.icio.usDigg this post on digg.comSubmit to PropelleSubmit this post on reddit.comShare on FacebookBookmark this post on Google
<< back
COPYRIGHT © 2010 - 2024
CREATED BY
Neomedia