ჩვენი მიზანია შეიქმნას მომხმარებელზე ორიენტირებული სადაზღვევო სისტემა

სადაზღვევო სექტორი  მიმდინარე წელს მოგებით დაასრულებს - ასეთია დაზღვევის ზედამხედველობის სამსახურის ხელმძღვანელის იოსებ გოგოლაშვილის შეფასება. რა მოლოდინები აქვს  ზედამხედველობის სამსახურს ბაზარზე არსებულ მდგომარეობასთან დაკავშირებით და როგორი იქნება მომავალი წელი  კომპანიებისთვის. ამ საკითხებზე იოსებ გოგოლაშვილი "კომერსანტს" ესაუბრა
- 2016 წელი იწურება და როგორ შეაფასებდით გასულ წელს. გაზრდილია თუ არა სადაზღვევო კომპანიების მოგება გასულ წელთან შედარებით?
- პირველი მნიშველოვანი, რაც არის წინა პერიოდთან შედარებით, ანუ მოგების დაბეგვრამდე, მოგება  გაზრდილია 26 მილიონი ლარით. 1,290 მლნ იყო გასული წლის 9 თვის მაჩვენებლით მოგება , მიმდინარე წლის 9 თვის მონაცემებით კი 27 ,461 მლნ ლარს შეადგენს. აღნიშნული ზრდის ერთ-ერთ მნიშვნელოვან ფაქტორს წარმოადგენს მოზიდული პრემიების და ინვესტიციებიდან შემოსავლების ზრდა. ასევე უნდა აღინიშნოს, რომ გასულ წელს სტიქიამ ვერეს ხეობაში, ასევე აგროდაზღვევის კუთხით ზარალიანობამ მოახდინა გავლენა წინა წლის მოგების მაჩვენებლის სიმცირეზე.
9 თვის მონაცემებით მოზიდული პრემია გაზრდილია 24 მილიონით წინა წლის ანალოგიურ მონაცემთან შედარებით. ძირითადი პროდუქტები არის სამედიცინო დაზღვევა, ქონების დაზღვევა და ავტომობილების დაზღვევა - ბაზრის 77, 6% სწორედ ამ სამ პროდუქტზე მოდის. 9 თვის მონაცემებზე დაყრდნობით, წელს ველოდებით, რომ სექტორი საანგარიშო წელს დაასრულებს მოგებით, თუმცა კონკრეტიკისთვის წლის მონაცემებს უნდა დაველოდოთ.
2016 წლის მონაცემებით, მოზიდული პრემიის მიხედვით ლიდერობენ შემდეგი კომპანიები: „ჯიპიაი", „ალდაგი", „იმედი ელი" „პსპ დაზღვევა" და „ირაო".
აღსანიშნავია, რომ ჩვენი მმართველობის (რეგულირების) პერიოდში არცერთი სადაზღვევო კომპანია არ გაკოტრებულა და ჩვენ ერთობლივად ვიმუშავეთ, რომ სექტორი ფეხზე დამდგარიყო და ესაა ყველაზე დიდი პლიუსი.
 მიმდინარე პერიოდის განმავლობაში დაზღვევის ზედამხედველობის სამსახურმა უმნიშვნელოვანესი ცვლილებები მოახდინა სადაზღვევო სექტორში . დაწესდა გადახდისუნარიანობის მარჟა, რომელიც წინა წლებში მუშაობდა და სააკაშვილი-ბენდუქიძის რეფორმამ გააუქმა. სწორედ მარჟა არის მდგრადუნარიანობის ყველაზე მთავარი საფუძველი სადაზღვევო ინდუსტრიაში . გაფართოვდა სალიცენზიო მოთხოვნები და კომპანიის ხელმძღვანელ პირთა შესაფერისობის კრიტერიუმები. კომპანიები, რომლებიც აპირებენ ბაზარზე შემოსვლას, უნდა წარმოადგინონ საკუთარი ბიზნეს-გეგმა თუ რის გაკეთებას აპირებენ მომდევნო 3 წლის განმავლობაში, ეს მოთხოვნაც იყო გაუქმებული. ყველა ეს საკითხი არის მსოფლიო ბანკისა და ევროკავშირის მოთხოვნები და თუ გვინდა, რომ სადაზღვევო საქმიანობის წარმართვისთვის აუცილებელი, მსოფლიოში აპრობირებული მინიმალური სტანდარტები ქვეყანაში დაწესდეს, ეს ცვლილებები უნდა განხორციელებულიყო.
რა თქმა უნდა, ამ პროცესში ჩართული იყო საქართველოს სამთავრობო გუნდი. მსოფლიო ბანკმა ძალიან დადებითად შეაფასა ის პროგრესი, რაც სამსახურმა ამ მოკლე პერიოდის განმავლობაში განახორციელა, ასევე დადებითი გამოხმაურება იყო აზიის განვითარების ბანკისგან. დროული და სწორი ნაბიჯების გადადგმის გამო საერთაშორისო ასპარეზზე დადებითი შეფასებები მივიღეთ.  ამ პროცესების გაგრძელებაა აზიის განვითარების ბანკის მიერ ყაზახეთში ორგანიზებული კონფერენცია, რომელიც სადაზღვევო რეგულაციების შემდგომ ეტაპს მიეძღვნა, ანუ იმ ახალ მიდგომებს, რომელსაც მსოფლიოს მოწინავე ინდუსტრიები ეტაპობრივად ნერგავენ და განხილულ იქნა მათი დანერგვის გზები და პერსპექტივები სხვადასხვა ქვეყნების მაგალითზე.
მიმდინარე წელს დაზღვევის ზედამხედველობის სამსახური ასევე მიწვეული იყო შრი-ლანკაში,სადაც პოსტსაბჭოთა და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებიდან მხოლოდ საქართველო იყო წარმოდგენილი . გვინდა მადლობა გადავუხადოთ საერთშორისო ორგანიზაციებს , განსაკუთრებით კი მოცემულ შემთხვევაში GIZ--ს( გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოება) , რომელმაც სრულად დააფინანსა და ორგანიზება გაუკეთა ჩვენს ვიზიტს შრი-ლანკაში, შესწავლილ იქნა და გავეცანით მიკორსადაზღვევო სისტემის მუშაობას მსოფლიოში, დაბალ შემოსავლიანი სოციალური ჯგუფებისთვის.
ამასთან, „აზიის განვითარების ბანკმა" და „მსოფლიო ბანკმა" რეგიონში ლიდერებად გამოგვაცხადეს დაზღვევის მიმართულებით გადადგმული ნაბიჯების და გატარებული რეფორმების მხრივ.
საერთაშორისო თანამშრომლობის ფორმატში აღსანიშნავია მსოფლიო ბანკის ტექნიკური დახმარების პროექტი, რომელიც მოიცავს სრულად საკანონმდებლო ბაზის განახლებას, სავალდებულო დაზღვევის სახეების განვითარებას (ძირითადი აქცენტი კეთდება მაინც ავტომფლობელთა მიერ მესამე პირის მიმართ სამოქალაქო პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევაზე.), ასევე სამსახურის ტექნიკურ და ინსტიტუციურ გაძლიერებას. ეს პროექტი მომავალი წლის დასაწყისიდან იგეგმება და სამსახური იწყებს მოსამზადებელ სამუშაოებს ამ მიმართულებით.
-  რა ცვლილებებს ელოდებით ბაზარზე ახალი რეგულაციების ამოქმედების შემდეგ?
- უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოს და ევროკავშირს შორის ასოცირების არეალში ჩვენი სფეროც მოხვდა, ამიტომ უნდა დავუახლოვდეთ ევროკავშირის დირექტივებს. ჩვენ ვართ „დაზღვევის ზედამხედველთა საერთაშორისო ასოციაციის"(IAIS) წევრი ქვეყანა და ვსარგებლობთ მათი სტანდარტებით და კრიტერიუმებით . ეს არის მოწინავე სტანდარტები, რომელიც უნდა გადავიდეს კანონმდებლობაში ეტაპობრივად, მთელი რიგი ღონისძიებებია გასატარებელი და ერთი ხელის მოსმით ვერ მოხდება მათი დანერგვა. თითოეულ ევროპულ დირექტივას, რომელთან ჰარმონიზაციასაც გვავალებს ასოცირების შეთანხმება თავისი დანერგვის (იმპლემენტაციის) ვადა აქვს. ამიტომ დანერგვა მოხდება ეტაპობრივად. .
მიმდინარე წლის ივნისში განხორციელდა "დაზღვევის შესახებ" კანონში ცვლილებები, რაზეც ჩვენ ზემოთ უკვე გვქონდა საუბარი, განისზღვრა ძირითადი პრინციპები კომპანიების ფინანსური სიმყარის უზრუნველყოფის მიმართულებით, ასევე მთელი რიგი მოთხოვნები კომპანიების ხელმძღვანელობასთან და მმართველობის სტანდარტებთან დაკავშირებით, შესაბამისად გამოვეცით კანონქვემდებარე აქტები. იმისათვის, რომ კომპანიებისთვის მტკივნეული არ იყოს მთელი რიგი ფინანსური მოთხოვნების დაკმაყოფილება, 2017 წლიდან ეტაპობრივად ინერგება ეს ცვლილებები, 2018 წელს კი სრულადამოქმედდება. ეს ასევე ეხება მინიმალური კაპიტალის ოდენობისადმი მოთხოვნას, ესეც ეტაპობრივი საკითხია , არის მოთხოვნა, რომ 2016 წლის ბოლოს მინიმალური კაპიტალი სიცოცხლის დაზღვევის და გადაზღვევის საქმიანობის მიმართულებით 2,2 მლნ ლარს გაუთანაბრდეს, ხოლო დაზღვევის არასიცოცხლის მიმართულებით 2 მლნ ლარი იყოს. თუმცა ეს არაა საბოლოო ცვლილება, ჩვენ ეტაპობრივად უნდა მივუახლოვოთ ეს სიდიდე მოწინავე სტანდარტებს. მინდა გითხრათ, რომ მთელმა რიგმა კომპანიებმა უკვე დააკმაყოფილეს ახალი მოთხოვნები რადგან ეს მათთვის სიახლეს არ წარმოადგენს. სწორი მიდგომების შედეგად ყველა კომპანია შეძლებს ჩვენი მოთხოვნების დაკმაყოფილებას.
 - რა არის ქართული სადაზღვევო კომპანიების ძირითადი გამოწვევა დღეს?
- ამ კითხვაზე ალბათ, უფრო დაზუსტებით თავად კომპანიები ისაუბრებენ, თუმცა შეიძლება ითქვას, რომ გამოწვევები არსებობს. ერთი შემიძლია გითხრათ, რომ ჩვენი მთავარი მიზანია და მსოფლიოში ტენდენციაა- შეიქმნას მომხმარებელზე დაფუძნებული სისტემა. სწორედ ამისკენ არის მიმართული ყველა ის ცვლილება, რომელიც ჩვენ გავაკეთეთ და რომელიც სამომავლოდ არის დაგეგმილი. ასევე მთავარია მდგრად უნარიანობის განმტკიცება. ჩვენს სამსახურში, იურიდიული სამმართველოს ფარგლებში , ხდება მომხმარებელთა განცხადებების და საჩივრების განხილვა,სადაზღვევო დავების სასამართლოში განხილვისას ჩვენი სამსახურის რეკომენდაციები და მასალები ეხმარება მოსამართლეს საქმის არსის უკეთ გაგებაში. ჩვენი პრიორიტეტია, მომხმარებელი იყოს დაცული და შეგვიძლია ვთქვათ, რომ ამ ყველაფერს ხელს უწყობს ცვლილებები, რომლის განხორციელება მიმდინარეობს.
- რა აქტივობებს გეგმავს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახური მომდევნო წლის მანძილზე და როგორია გეგმები?
- მომავალ წელს ჩვენ გავაგრძელებთ რეგულირების კუთხით სიახლეების დანერგვას და პრაქტიკაში გატარებას. არსებობს მეთოდოლოგიური და პრაქტიკული ნაწილი, რომელიც მოიცავს კომპანიის ციფრებთან მუშაობას, კონტროლს , ზედამხედველობას თუ რამდენად ფინანსურად მყარად არიან კომპანიები. დღეს შეგვიძლია ვთქვათ , რომ სადაზღვევო ინდუსტრია მყარად დგას ფეხზე და ეს როგორც ინდუსტრიის ასევე ჩვენი დამსახურებაა.
ჩვენ გავაგრძელებთ საერთაშორისო ინსტიტუტებთან თანამშრომლობას, აქვე საერთაშორისო ურთიერთობების მიმართულებით აღსანიშნავია, რომ ევროკავშირის მოკლევადიანი პროექტის ფარგლებში (TAIEX) ველოდებით ევროპელი ექსპერტის ჩამოსვლას, რომელიც დაგვეხმარება დაზღვევის სახეობების კლასიფიკაციაში და ეს მოხდება იმ სტანდარტის მიხედვით , რომელიც მსოფლიოში არსებობს. ვაგრძელებთ სადაზღვევო საბროკერო კომპანიების რეგულირების კუთხით მუშაობას, დღეს დაზღვევის ბროკერები უკვე ანგარიშვალდებულები არიან სამსახურის მიმართ. გატარდა საკანონმდებლო ცვლილებები, რაც აქამდე არ იყო .ახლო მომავალში ვიმსჯელებთ ამ სფეროს ლიცენზირების მიმართულებით. ეს ვალდებულებაც გამომდინარეობს ევროდირექტივებიდან. საკმაოდ ბევრი სადაზღევვო საბროკერო კომპანიაა და საჭიროა შეიქმნას ჩარჩო ამ კუთხით.
აღსანიშნავია, რომ უკანონო შემოსავლების აღკვეთის ხელშეწყობის (ე.წ. ფულის გათეთრების) ნაწილში სამსახურში შევქმენით დამოუკიდებელი სტრუქტურული დანაყოფი, ფულის გათეთრების მონიტორინგის სამმართველო, სადაც აღსანიშნავია დისტანციური ინსპექტირების ფუნქცია, რომლის მსგავსი მხოლოდ საქართველოს ეროვნულ ბანკშია და ეს სისტემა საკმაოდ წარმატებით მუშაობს.
- როგორ შეაფასებდით "აგროდაზღვევის სახელმწიფო სუბსიდირების პროგრამის" მიმდინარეობას , ვინაიდან აღნიშნული პროგრამა დღეისათვის კერძო სადაზღვევო კომპანიებსა და სახელმწიფოს შორის პარტნიორობის ერთადერთი წარმატებული მაგალითია.
- შემიძლია დავადასტურო, რომ აგროდაზღვევის პროგრამა წარმატებულია. თუმცა მოცვა უნდა იყოს მეტი. სადაზღვევო კომპანიები ძალიან კარგად მუშაობენ და ხდება ზარალების მაქსიმალურად სწრაფი და ეფექტური დარეგულირება, თუმცა გარკვეული მიმართულებით პროგრამა დასახვეწია. სოფლის მეურნეობის მინისტრისთვის უცხო არ არის სადაზღვევო სფერო და იცის როგორ გააუმჯობესოს პროგრამა, რაშიც რათქმაუნდა ჩვენი სამსახურის ჩართულობაც იქნება. რეგულირება უნდა იყოს მეტად გამართული. გლეხისთვის და სადაზღვევო კომპანიისთვის მკაფიო უნდა იყოს ანაზღაურების პრინციპები.სადაზღვევო პოლისებში კარგად უნდა გამოიკვეთოს და გაიწეროს ვალდებულებები.
- ეს პროგრამა მთავრობის სუბსიდიის გარეშე თუ შეძლებს მუშაობას?
- ალბათ, დროთა განამვლობაში ჩამოყალიბდება სუბსიდიის გარეშე, თუმცა ჯერ ნაადრევია. ამასთან, სუბსიდირება მსოფლიო პრაქტიკაა, ესპანეთი ერთ-ერთი განვითარებული ქვეყნაა ამ კუთხით და დღემდე სუბსიდირება აქვს ამ დარგის.
- როგორ ფიქრობთ, რატომ არ ვითარდება აქტიურად ქონების დაზღვევა ჩვენს ქვეყანაში, მიუხედავად იმისა, რომ საქართველო სტიქიურად მაღალი რისკის ზონაა?
- მინდა გავიხსენო 13 ივნისის პერიოდი, როდესაც ყველაზე კარგად იმუშავა სადაზღვევო სექტორმა და ესეც აღნიშნული და ხაზგასმული იყო. კომპანიებმა ორი კვირის განმავლობაში შეძლეს დაერეგულირებინათ და აენაზღაურებინათ ზარალების ძირითადინაწილი, რაც დამეთანხმებით საკმაოდ შემჭიდროვებული ვადებია. მოქმედებდა 24 საათიანი ცხელი ხაზი.
 საერთოდ ზარალი სადაზღვევო ინდუსტრიისთვის ყველაზე დიდი რეკლმაა, რათა მომხმარებელმა დაინახოს, რამდენად საჭიროა დაზღვევა. ჩემის აზრით, რამდენიმე სავალდებულო დაზღვევის სახეობა ქვეყანაში უნდა შემოვიდეს, რადგან თუ არ იქნება ვალდებულება დაზღვევის კულტურა ძნელად განვითარდება. მნიშვნელოვანი და საჭიროა ხანძარსაწინააღმდეგო, საშიშ საწარმოთა დაზღვევა და სხვა. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა საკუთარი გამოსვლისას პარლამენტში დაზღევვა პრიორიტეტულ სფეროდ დაასახელა და მოხარულები ვართ ,რომ იგი ასეთ შეფასებას აკეთებს.
-     რატომ ვერხერხდება დღემდე ისეთი ტიპის სავალდებულო დაზღვევის შემოღება, როგორიც არის ავტომფლობელთა მესამე პირების წინაშე სამოქალაქო პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევაა.
- მოგეხსენებათ, რომ აღნიშნული ტიპის დაზღვევა სავალდებულო აარა თუ ყველა ევროპულ ქვეყანაში, არამედ ყველა ჩვენს მეზობელ ქვეყანაში არაერთი წელია ფუნქციონირებს დაზღვევის ეს სისტემ ა- როგორიც არის თურქეთი, აზერბაიჯანი, სომხეთი - და ასევე ამ ტიპის და ფორმის დაზღვევის შემოღებას ქვეყანას ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებაც ავალდებულებს.
ეს საკითხი ახლა მთავრობაშია. პერმანენტულად ვმუშაობთ ამ თემაზე, თუმცა არის რიგი საკითხები, რომელიც შეჯერების ეტაპზეა, განსაკუთრებით ადმინისტრირების მიმართულებით. ეს პერიოდი მუშაობისთვის საჭირო იყო, ეს არის კომპლექსური დოკუმენტი. გვინდოდა სწრაფად წარმართული პროცესი თუმცაიგი გარკვეულ დროს მოითხოვს.
- მთავრობის გადაწყვეტილებით 2017 წლის ბიუჯეტში „დაზღვევის ზედამხედველობის სახელმწიფო სამსახური" ბიუჯეტიდან აღარ დაფინანსდება. საიდან მიიღებს თქვენი სამსახური დაფინანსებას და თუ იყავით წინასწარ გაფრთხილებული ამ საკითხთან დაკავშირებით?
- დაზღვევის ზედამხედველობის სამსახურის დაფინანსება სადაზღვევო კომპანიებს მოუწევთ. აღნიშნულთან დაკავშირებით სექტორი საქმის კურსშია. სავარაუდოდ დაწესდება ყოველთვიური მოსაკრებელი, რომლის დაფარვაც კომპანიებს მოუწევთ.
2016 წელს დაზღვევის ზედამხედველობის სამსახურის ბიუჯეტი მილიონ 300 ათასი იყო. ამ თანხის დაფარვა საქართველოში მოქმედ 14 სადაზღვევო კომპანიას მოუწევს.
"კომერსანტი"
05.12.2016
Bookmark this post on del.icio.usDigg this post on digg.comSubmit to PropelleSubmit this post on reddit.comShare on FacebookBookmark this post on Google
<< უკან დაბრუნება
COPYRIGHT © 2010 - 2017
CREATED BY
Neomedia