აგროდაზღვევის პროექტში ცვლილებები შედის – 2017 წლიდან აგროდაზღვევა სისტემური გახდება

აგროდაზღვევის პროექტში ცვლილებები შედის. მთავრობა სადაზღვევო კომპანიებთან ერთად განახლებულ მოდელზე მუშაობას უახლოეს მომავალში დაასრულებს. შედეგად, ახალი, გადამუშავებული სახით პროექტი 2017 წლის თებერვლიდან ამოქმედდება. ამ დროისთვის ცნობილია მხოლოდ ის, რომ მომავალი წლიდან აგროდაზღვევა სისტემური გახდება.
სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს „აგროდაზღვევის პროგრამის" მენეჯერი ლევან მაღრაძე „კომერსანტთან" განმარტავს, რომ უწყება პროგრამის გადამუშავებულ ვარიანტზე მუშაობს და კონკრეტულ დეტალებს ვერ გაასაჯაროვებენ. მისი თქმით, ზოგადად, ცვლილებების მიხედვით განისაზღვრება გრძელვადიანი სტრატეგია და მისი მიღწევის გზები.„აქამდე არსებობდა აგროდაზღვევის ყოველწლიური განკარგულება, გვინდა, რომ 2017 წელს აგროდაზღვევის პროგრამა სისტემური გახდეს და ყოველწლიურ გადაწყვეტილებებზე არ იყოს დაკიდებული მისი არსებობა"-აცხადებს მაღრაძე.
კითხვაზე, 2017 წლიდან შეიცვლება თუ არა სადაზღვევო პოლისის თანადაფინანსება და მიწის ფართობის შეზღუდვა, მაღრაძე განმარტავს, რომ თანადაფინანსება 2017 წელს სავარაუდოდ არ შეიცვლება, თუმცა, სხვადასხვა პროდუქტების შეთავაზების შემთხვევაში თანადაფინასნება სხვადასხვა იქნება. რაც შეეხება შეზღუდვას მიწის ფართობზე, რაც გულისხმობს მაქსიმუმ 5 ჰექტარი მიწის ფართობის დაზღვევას თანადაფინანსების შემთხვევაში, მაღრაძის განცხადებით, 2017 წელს სავარაუდოდ აღარ იარსებებს.
„მომავალ წელს უნდა დავაკვირდეთ სუბსიდიის პირობებში რამდენი ადამიანი ჩაერთვება და საკმარისია თუ არა სუბსიდიის დონე.რაც შეეხება მიწის ფართობის შეზღუდვას, სავარაუდოდ მომავალი წლიდან არ იარსებებს. ეს ცვლილებები რამდენად მიზანშეწონილია და მისი მიღება რამდენად მოხდება, ამაზე პასუხი არ მაქვს.ამჟამად დამუშავების პროცესია"-აცხადებს მაღრაძე.
აგროდაზღვევის ახალი პროგრამის ფარგლებში დაგეგმილია სადაზღვევო კომპანიების შემფასებელი ექსპერტების გადამზადებაც. სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს „აგროდაზღვევის პროგრამის" მენეჯერი ლევან მაღრაძე აცხადებს, რომ მიმდინარე პროგრამის ფარგლებში ეს საკითხი განსაკუთრებით პრობლემურია. „შემფასებელი ექსპერტების კვალიფიკაციის დონეზეში ხარვეზები არსებობდა. გვინდა, რომ პროგრამა ამ მიმართულებითაც დაიხვეწოს. შემფასებელი ექსპერტს უნდა ჰქონდეს აგრონომიული მიმართლებით ცოდნა და სადაზღვევეო პრინციპებში იყოს გათვითცნობიერებული. ვინ და რა ფორმით მოხდება შემფასებელი ექსპერტების გადამზადება, ჯერჯერობით ჩამოყალიბებული არ ვართ"-აცხადებს მაღრაძე.
მისი ინფორმაციით, 2016 წელს შემუშავეულ იქნა სახელმძღვანელოები კონკრეტული კულტურების შესახებ, თუ როგორ უნდა შეფასდეს ზიანი. შესაბამისად, 2017 წელს სადაზღვევო კომპანიებს ვალდებულება ექნებათ ამ სახელმძღვანელოების შედეგად განახორციელონ შეფასება. მაღრაძის განმარტებით, ეს ინფორმაცია ბენეფიციარისთვისაც ხელმისაწვდომი იქნება.
„ გარდა ამისა, პრობლემას ქმნიდა ის, რომ სადაზღვევო კომპანიები ზარალებს ინდივიდუალურად აფასებდნენ. მეთოდოლოგია ყველასთვის სტანდარტული არ იყო. ცვლილებების მიხედვით, ზარალების შეფასება ახლა ყველა კომპანიისთვის სტანდარტული იქნება" -აცხადებს მაღრაძე.
მისი განცხადებითმ, ცვლილებათა პაკეტის მომზადება აგროდაზღვევის მსხვილმასშტაბიანი დაფარვის სურვილმა განაპირობა. მისი თქმით, აგროდაზღვევა საქართველოში უკვე 2 წელზე მეტია, რაც მოქმედებს. შედეგად, სახელწმიფოს და კერძო სექტორის მიერ ამ მიმართულებით მიღებული გამოცდილება იძლევა იმის საშუალებას, რომ პროგრამის ფარგლებში უფრო მეტი ბენეფიციარის მოცვა მოხდეს. „შესაბამისად, ასეთი ტიპის მასშტაბებს შესაბამისი მიდგომები სჭირდება"-აცხადებს მაღარაძე.
რაც შეეხება 2017 წლის აგროდაზღვევის პროგრამის ბიუჯეტს, მაღრაძის ინფორმაციით, ამ ეტაპზე ეს საკითხიც დამუშავების პროცესშია.
შეგახსენებთ: აგროდაზღვევის პროექტი 2014 წლის 1 სექტემბრიდან ამოქმედდა. საპილოტე პროექტში სადაზღვევო პოლისის თანადაფინანსება 95%-მდე იყო გათვალისწინებული. თუმცა, 2015 წელს ხელისუფლებამ თანადაფინანსების შემცირება გადაწყვიტა. სახელმწიფო ფარავს ვენახის შემთხვევაში სადაზღვევო პრემიის 50 პროცენტს, ხოლო სხვა მცენარეული კულტურების შემთხვევაში 70 პროცენტს. თუ მიწა საჯარო რეესტრშია გატარებული, ამ შემთხვევაში ვენახზე არის 60 პროცენტი, სხვა მცენარეულ კულტურებზე - 80 პროცენტი.
რაც შეეხება აგროდაზღვევის განახლებულ პროექტს, რომელიც მთავრობამ მიმდინარე წლის მარტში დაამტკიცა - ძალაში დარჩა შეზღუდვა მიწის ფართობზე, რაც გულისხმობს მაქსიმუმ 5 ჰექტარი მიწის ფართობის დაზღვევას თანადაფინანსების შემთხვევაში. ამასთან, შეიცვალა ტარიფებიც: თუკი შარშან მხოლოდ ფიქსირებული ტარიფი იყო, წელს სხვადასხვა კულტურაზე განსხვავებული ტარიფებია. გარდა ამისა, ბენეფიციარი, რომელიც დარეგისტრირებულ მიწას დააზღვევს, სახელმწიფოსგან 10 %-ით მეტ თანადაფინასებას მიიღებს.
საერთო ჯამში, 2016 წელს აგროდაზღვევის პროგრამისთვის ბიუჯეტიდან 9 მილიონი ლარი გამოიყო. ასევე აღსანიშნავია, რომ პროგრამა 2015 წლის დეკემბერს დასრულდა, თუმცა, 4 თვიანი წყვეტის შემდეგ ისევ გაგრძელდა. აგროდაზღვევის პროგრამაში მონაწილეობენ შემდეგი სადაზღვევო კომპანიები: „ჯიპიაი ჰოლდინგი", „ალდაგი", „აი სი ჯგუფი" და „ირაო", წელს კი დაემატა ორი კომპანია: „არდი" და „უნისონი".
2016 წლის ივნისში სპეციალისტები აცხადებდნენ, რომ პროგრამით მხოლოდ ფერმერების 6.3 პროცენტი სარგებლობდა. საქსტატის მონაცემების მიხედვით, 2016 წლის ივნისში სოფლად 461 740 შინამეურნეობა იყო, აქედან კი პროგრამაში ჩართული მხოლოდ 29 000 ბენეფიციარი იყო.
სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს „აგროდაზღვევის პროგრამის" მენეჯერი ლევან მაღრაძე 2016 წლის ივნისში განმარტავდა, რომ 2015 წელს სადაზღვევო კომპანიების მხრიდან ანაზღაურებულმა ზარალმა 14 მილიონი ლარი შეადგინა.
"კომერსანტი"

 
07.12.2016
Bookmark this post on del.icio.usDigg this post on digg.comSubmit to PropelleSubmit this post on reddit.comShare on FacebookBookmark this post on Google
<< უკან დაბრუნება
COPYRIGHT © 2010 - 2024
CREATED BY
Neomedia