ჯიპიაი ჰოლდინგმა და მცირე და საშუალო საწარმოთა ასოციაციამ ერთობლივი პროექტი დაიწყეს

"ჯიპიაი ჰოლდინგის" და "საქართველოს მცირე და საშუალო საწარმოთა ასოციაციის" ერთობლივი პროექტი საშუალო და მცირე მეწარმეებისთვის დაზღვევის, როგორც ფინანსური დაცვის მექანიზმის პოპულარიზებას ისახავს მიზნად.
სადაზღვეო პროგრამა 50000 ლარის ანაზღაურებას ითვალისწინებს, დაკარგული მოგებისა და ბანკის პროცენტის ხარჯების ჩათვლით. ბიზნეს რისკების 50%–ს "ჯიპიაი ჰოლდინგი" თავად დააფინანსებს, რომ დაზღვევის გადასახადი მცირე მეწარმეებისთვის მაქსიმალურად შეამციროს. მცირე მეწარმეთათვის ფიქსირებული სადაზღვეო პრემია დაწესდება თვეში 15 ლარის ოდენობით. დაზღვევის რისკებში ითვლება: ხანძარი, სტიქიური მოვლენები, ქურდობა, ვანდალიზმი, აფეთქება.
"პირველს" აღნიშნულ თამასთან დაკავშირებით "ჯიპიაი ჰოლდინგის" გენერალური დირექტორი პაატა ლომაძე ესაუბრა.
"მცირე და საშუალო ბიზნესის ჩართვა სადაზღვეო სისტემაში აუცილებელია ქვეყნის ეკონომიკის განვითარებისა და გაჯანსაღებისთვის. მინდა გითხრათ, რომ ბოლო დროინდელმა მოვლენებმა ნათლად დაგვანახა დაზღვევის აუცილებლობა. ცალსახად შემიძლია ვთქვა, გაუთვალისწინებელ შემთხვევებს, არათუ პატარა საწარმომ, არამედ დიდმა ორგანიზაციამაც შეიძლება ვერ გაართვას თავი ფინანსური კუთხით და უბრალოდ, გაჩერდეს", - უთხრა "პირველს" ლომაძემ.
"პირველთან" მცირე და საშუალო დაზღვევის აუცილებლობაზე საუბარში "საქართველოს მცირე და საშუალო საწარმოთა ასოციაციის" პრეზიდენტმა მიხეილ ჭელიძე თქვა, რომ რისკების დაზღვევა ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი გამოწვევაა ბიზნესისთვის. განსაკუთრებით, მცირე და საშუალო საწარმოთა სექტორში.
"დაზღვევა უსაფრთხოების უზრუნველყოფის პრაქტიკულად უალტერნატივო და ყველაზე ეფექტიანი მექანიზმია, რაც კაცობრიობამ შექმნა. ვფიქრობთ, რომ GPI-ს მიერ წამოწყებული ახალი კამპანია და დაზღვევის პროდუქტი არის დროული და მიმართული SME სექტორისთვის, რომლის გამოყენებაც SME სექტორს სტაბილურობის განცდას მისცემს", - აღნიშნა ჭელიძემ.
მცირე და საშუალო სექტორი ნებისმიერ ქვეყანაში და, მათ შორის, საქართველოში არსებული ბიზნესების 90%–ს შეადგენს.
"PIA" ეკონომიკა
10.02.2017
Bookmark this post on del.icio.usDigg this post on digg.comSubmit to PropelleSubmit this post on reddit.comShare on FacebookBookmark this post on Google
<< უკან დაბრუნება
COPYRIGHT © 2010 - 2024
CREATED BY
Neomedia