თუ ადამიანს 100 ათასად შეფასებული ქონება აქვს, წესით, ამ ქონების დასაზღვევად, წელიწადში 300 დოლარი უნდა ემეტებოდეს

მას შემდეგ, რაც „ბავშვთა სამყარო“ დაიწვა და მრავალმა ადამიანმა არამარტო სამსახური, ქონებაც დაკარგა, მოქალაქეები სულ უფრო მეტს ფიქრობენ, რა გზებით არის შესაძლებელი მოულოდნელი გაღატაკების თავიდან აცილება. ამის მიუხედავად, ფართო საზოგადოებას მაინც არ ესმის ისეთი აპრობირებული სერვისის მნიშვნელობა, როგორიც არის დაზღვევა. ყოველწლიურად, შემოსავლიდან მცირე რესურსი რომ გადადონ, მუდმივი შიშის ქვეშ ცხოვრება აღარ მოუწევთ, — ამ სიტყვებით დაიწყო ჩვენთან საუბარი საქართველოს სადაზღვევო კომპანიათა ასოციაციის გამგეობის თავმჯდომარე დევი ხეჩინაშვილმა:
— როგორც ინსტიტუტი, დაზღვევა პირველყოფილი თემური წყობილების დაშლიდან იღებს სათავეს. მესაკუთრეები ოდითგან განიცდიდნენ სტიქიური უბედურებების, გაძარცვისა თუ სხვა მიზეზებით ქონების დაზიანებისა და განადგურების შიშს. ამ საფუძველზე გაჩნდა მესაკუთრეთა შორის სოლიდარობისა და მატერიალური ზარალის ანაზღაურების იდეა. ეს იყო რისკის გადანაწილების მექანიზმი. სოვდაგრები, რომლებიც უცხო ქვეყნებში სავაჭროდ მიემგზავრებოდნენ, ქმნიდნენ ფონდებს, წინასწარ დებდნენ ფულს, რათა საქონლით დატვირთული გემის ჩაძირვის შემთხვევაში თავიდან აეცილებინათ გაკოტრება.
შუა საუკუნეებში ქალაქებში ხის სახლები სჭარბობდა, რაც ხშირ ხანძრებს განაპირობებდა. ამ სიტუაციამ ადამიანები მიიყვანა აუცილებლობამდე, ქალაქის ყოველ მაცხოვრებელს გარკვეული თანხა გადაეხადა, რათა ხანძრის შემთხვევაში მისთვის საცხოვრებლის აღდგენის საშუალება გაჩენილიყო...
ასეთი გახლდათ დაზღვევის პირველსახე. შემდგომში ეს ინსტიტუტი განვითარდა და თანამედროვე, დახვეწილი სახე მიიღო. თანამედროვე ეპოქაში საფრთხეები, რომელიც შეიძლება ემუქრებოდეს ჩვენს ქონებას, ჯანმრთელობას, სიცოცხლეს — გაცილებით მრავალფეროვანია. ამ საფრთხეებიდან გამომდინარეობს მათი დაზღვევის მრავალფეროვნებაც, დაზღვევა იმის საშუალებას იძლევა, მოქალაქემ მუდმივად რისკის, საფრთხის ქვეშ კი არ იცხოვროს, არამედ კონკრეტული საფრთხე ფულში გამოსახოს და ეს ფული გვერდით გადადოს, ანუ ოჯახური ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილში ეს ხარჯიც შეიტანოს.
— ყველაფრის დაზღვევა შეიძლება?
— შეიძლება მხოლოდ ისეთი რისკების დაზღვევა, რაც პროგნოზირებადია. არ შეიძლება დააზღვიო ის, რაც წინასწარ ცნობილია, რომ ნამდვილად მოხდება, არც იმის დაზღვევა შეიძლება, რის შესახებაც ინფორმაცია არ გაქვს ან პროგნოზს ვერ გააკეთებ! მაგალითად, საქართველოში ვერ დააზღვევ მოსავალს. შეიძლება, დააზღვიო ზარალი, რომელსაც მოგაყენებს სეტყვა, რადგან ამ ზარალის დათვლის საშუალება არსებობს. განვითარებულ ქვეყნებში კი, მოსავალსაც აზღვევენ, რადგან წინასწარ იციან, კონკრეტულ ფართობზე საშუალოდ, რა რაოდენობის პროდუქტის მოყვანა შეიძლება. დაზღვევის მთავარი შედეგი ორიენტირებულია არა გამდიდრებაზე, არამედ ზარალის ანაზღაურებაზე.
დაზღვევა დანიძლავებას წააგავს. ნიძლავიც პროგნოზზეა დამყარებული. ვთქვათ, მიწისძვრა ან ხანძარი შეიძლება მოხდეს, შეიძლება — არა. სადაზღვევო კომპანიას უნდა გააჩნდეს ინფორმაცია ობიექტზე და ახდენის ალბათობაზე, რათა რისკი შეაფასოს, წინასწარ მიიღოს საფასური, რომლის გადახდაც მოქალაქისთვის კომპენსაციის მიზნით მოუწევს.
— რა სახის დაზღვევები არსებობს თანამედროვე ეპოქაში?
— არსებობს ნებაყოფლობითი და სავალდებულო დაზღვევა. ნებაყოფლობითი დაზღვევა მოქალაქის სურვილზე და სადაზღვევო კომპანიასთან მის შეთანხმებაზეა დამოკიდებული, თუმცა, არსებობს გარემოებები, როცა მოქალაქეს კანონი ავალდებულებს კონკრეტული ობიექტის დაზღვევას. შესაბამისად, დასაზღვევი ობიექტების ნუსხა კანონის ფარგლებშია დადგენილი. სახეობათა მიხედვით, დაზღვევები იყოფა სოციალურ, სამედიცინო, ქონებრივი რისკების, პირადი და პასუხისმგებლობის დაზღვევებად. მიდგომის თვალსაზრისით, არსებობს ანგლოსაქსური, გერმანული და ა.შ. დაზღვევები. ყველაზე გავრცელებულია რისკის დაზღვევა, რის საფუძველზეც ხდება იმ ზიანის ანაზღაურება, რომელსაც კონკრეტული დაზღვეული რისკ-ფაქტორის აღძვრა განაპირობებს. სოციალური დაზღვევა განვითარებული საზოგადოების ერთ-ერთი კრიტერიუმია. საზოგადოება ქმნის ფონდებს, რომელიც ხმარდება იმ პირთა მატერიალურად უზრუნველყოფას, ვინც გარკვეულ მიზეზთა გამო ვერ მონაწილეობს საზოგადოებრივ შრომაში, არ გააჩნია შრომის უნარი. დაზღვევის ამ ფორმას სახელმწიფო არეგულირებს. 
— თქვენ ახსენეთ ზიანის დაზღვევა... შეიძლება, ვთქვათ, 2 ათას დოლარად ღირებული „ოპელ-ვექტრა“ 30 ათასად დავაზღვიოთ?
— არა, ეგ გამორიცხულია. ასეთ შემთხვევაში, დამზღვევს აშკარად გაუჩნდება საკუთარი ქონების დაზიანების მისწრაფება. დაზღვევა გულისხმობს ზარალის ანაზღაურებას და არა იმაზე მეტი თანხის მოპოვებას, ვიდრე მისი ქონება დაზიანებამდე ღირდა. შეიძლება, ადამიანმა იყიდოს 2 ათას დოლარად მანქანა და მას დაახარჯოს 5 ათასი დოლარი, რათა სასურველ მდგომარეობამდე მიიყვანოს. ასეთ შემთხვევაში მანქანა დაზღვევამდე შეფასდება არა მისი საბაზრო ღირებულებით, არამედ იმის გათვალისწინებით, რაც დამზღვევმა მას დაახარჯა.
— ახლახან „ბავშვთა სამყაროს“ დაწვის გამო უამრავმა მოვაჭრემ იზარალა. რა უნდა ეღონათ, ზარალი რომ აერიდებინათ?
— ყველას თავისი საწყობი თუ მარაგნაწილების სათავსო უნდა დაეზღვია! ასეთ შემთხვევაში, სადაზღვევო კომპანიები თითოეულ მათგანს აუნაზღაურებდნენ დანაკარგს, ოღონდ, მას შემდეგ, რაც დასრულდებოდა გამოძიება. ჩემთვის ცნობილია, რომ იმ შენობაში რამდენიმე მოვაჭრეს ჰქონდა დაზღვეული საწყობები და ისინი აუცილებლად მიიღებენ ზიანის საზღაურს.
— რამდენად შეიძლება სიცოცხლის დაზღვევა? ვთქვათ, 100 მილიონ დოლარად?
— უნდა არსებობდეს გარკვეული ზომიერება. ამ თანხად შეიძლება, საკუთარი სიცოცხლე დააზღვიოს, ვთქვათ, დონალდ ტრამპმა, მაგრამ არა უბრალო ადამიანმა. დაზღვევის თანხის ზედა ზღვარი უნდა შეესაბამებოდეს წარმოქმნილ ზიანს. ვთქვათ, გყავდათ 10 ათას დოლარად ღირებული მანქანა. მისი მთლიანად განადგურების შემთხვევაში მიიღებთ ამ თანხას; ნაწილობრივ განადგურების შემთხვევაში კი, აგინაზღაურებენ იმ ნაწილის და რემონტის ღირებულებას, რაც დაზიანებულია! ღირებულებაზე მეტს ვერავინ მიიღებს. თუ ადამიანს საკუთარი სიცოცხლე 100 მილიონად უღირს და შეათანხმებს სადაზღვევო სააგენტოსთან, მაშინ ოჯახის წევრები მისი დაღუპვის შემდეგ ამ თანხას მიიღებენ! ოღონდ კლიენტმა პერიოდულად ამ თანხის შესატყვისი შენატანიც უნდა გაიღოს.
— შემიძლია, თითი დავაზღვიო 50 ათას დოლარად?
— არსებობს ექსკლუზიური დაზღვევები. მაგალითად, საბალეტო დასის მოცეკვავეებს მართლაც აქვთ ხოლმე დაზღვეული ფეხები. თუ ფეხზე არის დამოკიდებული კონკრეტული ადამიანის კარიერა და შემოსავალი, ასეთი დაზღვევა შესაძლებელია. ოღონდ, სადაზღვევო კომპანიამ სტატისტიკაზე დაყრდნობით უნდა შეძლოს პროგნოზის გაკეთება, თუ რამდენად ხშირად იტეხენ ფეხს მოცეკვავეები! შემდეგ გააკეთოს ამ რისკის განფასება და გადაწყვიტოს, უღირს თუ არა დაზღვევის გაფორმება. არის შემთხვევები, როცა სპორტსმენები ან მოდელები აზღვევენ თავიანთი სხეულის ნაწილებს, ასეთი დაზღვევები არსებობს, მაგრამ წამყვან დაზღვევათა შორის მაინც არ მოიაზრება, იშვიათობის გამო.
— მოქალაქე იძენს მშენებარე ბინას, რომლის დასრულებასაც სამშენებლო კომპანია 1 წელიწადში ჰპირდება. შესაძლებელია მშენებლობის დასრულების დაზღვევა?
— რასაკვირველია. ეს უკვე სტანდარტული პროდუქტია, განსაკუთრებით საზღვარგარეთ, თუმცა, ჩვენს ბაზარზეც გონიერი დეველოპერები უკვე აფორმებენ ასეთ დაზღვევებს და ამას მომხმარებლის მოზიდვის მიზნითაც იყენებენ. მომხმარებელი უკვე იმედიანად არის, რომ მშენებლობა დათქმულ ვადაში მართლაც დასრულდება.
— სამედიცინო ოპერაციის წინ რა დაზღვევა შეიძლება გააფორმოს პაციენტმა?
— მედიცინაში არსებობს სტატისტიკები, რომლის თანახმად, შეიძლება განვითარდეს მოულოდნელი გართულება. მეორე მხრივ, არსებობს რეგულარული რისკები, რომლებიც თან სდევს ოპერაციას. როდესაც ზიანი შეისწავლება, თუ დადგინდა, რომ გართულება რეგულარული რისკის ფარგლებშია, პაციენტი ვერ მიიღებს ზიანის საზღაურს, გარდა ისეთი ექსკლუზიური დაზღვევებისა, რომელიც კონკრეტულად რეგულარული რისკის გათვალისწინებით კეთდება, მაგრამ იმ შემთხვევაში, თუ გამოიკვეთება ექიმის შეცდომა, იგი სტანდარტულად ანაზღაურდება, მას მერე, რაც სასამართლო შესაბამის დადგენილებას მიიღებს.
— შეიძლება, ადამიანმა ციხეში მოხვედრის რისკი დააზღვიოს და დაპატიმრების შემთხვევაში, მისმა ოჯახმა მიიღოს საზღაური?
— როგორც წესი, კრიმინალის დაზღვევა არ შეიძლება. თუ პირი არ არის კრიმინალი, აქვს უფლება, ნებისმიერი რისკი დააზღვიოს. აი, მაგალითად, ხელობით მეწაღეა და აქვს ყოველდღიური შემოსავალი. თუ მას შესაბამისი დაზღვევა ექნება გაფორმებული, ოჯახი ყოველდღიური შემოსავლის ტოლფას თანხას სადაზღვევო კომპანიისგან მიიღებს. ეს იქნება არა ჯანმრთელობის დაზღვევა, არამედ, საავადმყოფოში დაყოვნების საზღაური.
ეგ კი არა, შეიძლება, ქარხანაში დაზიანდეს რაიმე იშვიათი დანადგარი, რომლის ჩამოტანასაც 3-4 თვე სჭირდება. ამასობაში წარმოება გაჩერებულია, მაგრამ თუ დანადგარი დაზღვეული იყო, თითოეული გაცდენილი სამუშაო დღის საზღაურს დაზღვევა გადაიხდის! ეს სერვისი საზღვარგარეთ სტანდარტულია, საქართველოში კი, ახლა ინერგება მსგავსი მიდგომა.
— ცხოველის დაზღვევა შეიძლება?
— განვითარებულ ქვეყნებში ეს ჩვეულებრივი მოვლენაა. შეიძლება, დაიზღვეს ცხოველის ჯანმრთელობა და ამ ცხოველის მიერ სხვისთვის მიყენებული ზარალიც! ნამდვილი ამბავია, რასაც გიამბობთ: როცა ამერიკაში მიკროტალღური ღუმელები გამოჩნდა, ერთმა ქალბატონმა გადაწყვიტა, წვიმაში დასველებული ძაღლი ღუმელში გაეშრო. ძაღლი, რა თქმა უნდა, მოკვდა. ქალმა კი, ღუმელების კომპანიას სასამართლო პროცესი მოუგო, რადგან ღუმელს გარედან არ ეწერა, რომ ცხოველისთვის სახიფათო იყო! ეს არის ე.წ. „პროდუქტზე პასუხისმგებლობა“.
— ასეთი დაზღვევის სხვა მაგალითებიც არსებობს?
— მაგალითად, 
სიგარეტის კომპანიები მუდმივად დამოკლეს მახვილის ქვეშ არიან. თუ მათი კლიენტის კიბოს რომელიმე ფორმით ავადობის სიგარეტთან კავშირი დამტკიცდება, „პასუხის-მგებლობის დაზღვევის“ ფარგლებში ყოველწლიურად, მილიონობით დოლარის გადახდა უწევთ!
მეორე მსოფლიო ომის შემდეგ იყო ასბესტის მასალით მშენებლობის ბუმი... მერე გაირკვა, რომ ასბესტი — კიბოთი დაავადებას უწყობს ხელს და სადაზღვევო კომპანიებს ათეულობით მილიარდი დოლარის გადახდა მოუწიათ!
— რას ურჩევთ ჩვენი ქვეყნის საშუალო მატერიალური შეძლების მოქალაქეებს? რა დააზღვიონ?
— აქცენტი გააკეთონ ჯანმრთელობის დაზღვევაზე. იმის გათვალისწინებით, რომ სეისმურ ზონაში ვცხოვრობთ, დააზღვიონ ბინებიც, ვინც მანქანის დაზღვევის არსი შეიცნო, მას უბრალოდ აღარ შეუძლია ამ სერვისის გარეშე. კარგი იქნება თუ მანქანის დაზღვევა სავალდებულო გახდება, რადგან მანქანა მთელ მსოფლიოში მომეტებულ საფრთხედ ითვლება. თუ ადამიანს 100 ათასად შეფასებული ქონება აქვს, წესით, წელიწადში, ამ ქონების დასაზღვევად, 300-400 დოლარი უნდა ემეტებოდეს! განვითარებულ ქვეყნებში ოჯახები დაზღვევაში მთელი ოჯახური ბიუჯეტის 10 პროცენტს ხარჯავენ. ჩვენთან, ჯერჯერობით, იმას ფიქრობენ, რომ დაზღვევა არის ფუფუნება, თუმცა, დაზღვევა, პირველ რიგში, მდიდართა კი არა, საშუალო ფენის ინტერესებზეა მორგებული. მდიდარი დაკარგულ ქონებას თავისითაც აღიდგენს, ჩვეულებრივ მოქალაქეს კი თუ დაზღვევა არა აქვს, შეიძლება, ნებისმიერ სფეროში მნიშვნელოვანი პრობლემები შეექმნას!
გაზეთი " ასავალ- დასავალი"
ესაუბრა
ზაზა დავითაია


13.02.2017
Bookmark this post on del.icio.usDigg this post on digg.comSubmit to PropelleSubmit this post on reddit.comShare on FacebookBookmark this post on Google
<< უკან დაბრუნება
COPYRIGHT © 2010 - 2017
CREATED BY
Neomedia