საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში ახალი ცვლილებები კერძო სადაზღვევო პაკეტებს 10-15 პროცენტით გააძვირებს

საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში  ახალი ცვლილებები სადაზღვევო პაკეტებს დაახლოებით 10-15 პროცენტით გააძვირებს. ამის შესახებ "კომერსანტს" საქართველოს სადაზღვევო ასოციაციის ხელმძღვანელმა დევი ხეჩინაშვილმა განუცხადა. მისი თქმით, ამ დროისთვის სადაზღვევო კომპანიებში ხელშეკრულებების გადახედვის პროცესი მიმდინარეობს. შედეგად, როგორც ხეჩინაშვილი განმარტავს, არ არის გამორიცხული ტენდენცია სადაზღვევო პოლისების გაძვირებისკენ წავიდეს. მისი ინფორმაციით, ტარიფების შესაძლო ზრდის მიზეზი არის საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამიდან კერძო სამედიცინო დაზღვევის გამიჯვნა, ასევე  სხვადასხვა შემოსავლების მქონე მოქალაქეებისთვის ჯანდაცვის სერვისების განსხვავებულად დაფინანსება. 
მისი განცხადებით, 9 თებერველით დათარიღებული დადგენილება და 1-ელ მარტს ამოქმედებული, რომელმაც გამიჯნა კერძო და სახელმწიფო დაზღვევა გაძვირების რიკს კიდევ უფრო ზრდის. რაც შეეხება ჯანდაცვის მინისტრის, დავით სერგეენკოს პრეზენტაციას, რომელიც სხვადასხვა შემოსავლების მქონე მოქალაქეებს ჯანდაცვის სერვისები განსხვავებულად დაუფინანსებას გულისხმობს, ხეჩინაშვილი ამას სწორ მიმართულებად აფასებს. მისი მტკიცებით, კარგი ფაქტია ისიც, რომ მთავრობამ დეტალები წინასწარ გააჟღერა.
„მარტივად რომ გითხრათ, ვთქვათ იყო 3 წევრიანი ოჯახი, რომელიც იხდიდა დაშენებულ პროდუქტში 70 ლარს. მუშაობდა 1 წევრი. ამოაგდეს საყოველთაო დაზღვევიდან და ახლა ამ ოჯახს აქვს ორი ვარიანტი. ან შეინარჩუნოს დაშენებული პროდუქტი და თუ მომავალში დასჭირდა ჰისპიტალური ან ონკოლოგიური სერვისი, რომელიც დაფარავს იმ რისკებს რასაც აქამდე საყოველთაო ფარავდა, ან გადაიხადოს დაზღვევაში მეტი. ყველა შემთხვევაში ამ ოჯახს უძვირდება მომსახურება. ეს უდაოა."-აცხადებს ხეჩინაშვილი.
მუშაობენ თუ არა სადაზღვევო კომპანიები ხელშეკრულებების გადახედვაზე და აპირებენ თუ არა სადაზღვევო პოლისების გაძვირებას, ამაზე საუბარი კერძო სექტორს ამ დროისთვის უჭირს.
სადაზღვევო კომპანია „ჯიპიაი ჰოლდინგში" აცხადებენ, რომ ჯერ კომპანიისთვის უცნობია ზუსტად და დეტალებში, რა სახის პაკეტები ექნებათ მოქალაქეებს სახელმწიფოსგან. შედეგად, ისინი ხელშეკრულებების გადახედვის პროცესს ვერ დაიწყებენ. „შესაბამისად, ეს გაძვირებას გამოიწვევს თუ გაიაფებას, ამ ეტაპზე ვერ ვიტყვით"-აცხადებენ „ჯიპიაი ჰოლდინგში".
კომპანია „პსპ დაზღვევას" დირექტორი ვლადიმერ ბეჟაშვილი განმარტავს, რომ ამ დროისთვის შეფასების პროცესი და შემდგომი ნაბიჯებს მხოლოდ ამის შემდეგ გადადგამენ.
ჯანდაცვის მინისტრის მიერ წარდგენილი პროგრამის მიხედვით, სხვადასხვა შემოსავლების მქონე მოქალაქეებს ჯანდაცვის სერვისები განსხვავებულად დაუფინანსდებათ. როგორც გუშინ გამართულ პრესკონფერენციაზე შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ აღნიშნა, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით მოსარგებლეები რამდენიმე ჯგუფად დაიყოფა.
აღსანიშნავია, რომ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის სერვისების მოცულობა განისაზღვრება ინდივიდუალური (და არა ოჯახის) შემოსავლის მიხედვით.
ცვლილებებზე მუშაობა ჯერ კიდევ მიმდინარეობს და ძალაში მთავრობის სხდომაზე დამტკიცების შემდეგ შევა.
"კომერსანტი"
21.03.2017
Bookmark this post on del.icio.usDigg this post on digg.comSubmit to PropelleSubmit this post on reddit.comShare on FacebookBookmark this post on Google
<< back
COPYRIGHT © 2010 - 2024
CREATED BY
Neomedia