„საგადასახადო მიზნებისათვის ბანკებისა და სადაზღვევო კომპანიების ერთმანეთისაგან არგამიჯვნა დაუშვებელია“

ორი წლის წინ საქართველოს მთავრობამ საგადასახადო სფეროს შემდეგი ლიბერალიზაციის ეტაპი, ე.წ. „ესტონური მოდელი“ შეარჩია, რომლის მიხედვით მოგების რეინვესტირების შემთხვევაში კომპანიები მოგების გადახდისგან თავისუფლდებიან.
მაშინვე გამოითქვა ამ იდეის მოწონება და მხარდაჭერა როგორც სახელმწიფო, ისე არასახელმწიფო სექტორიდან, რომ რეფორმა მნიშვნელოვანი იქნებოდა როგორც ცალკეული კომპანიებისათვის, ისე ჯამურად ქვეყნის ეკონომიკისათვის. პარალელურად, რეფორმის სასარგებლოდ ისიც ითქვა, რომ ის ამარტივებდა საგადასახადო აღრიცხვასა და ადმინისტრირებას.
„არდი დაზღვევის“  გენერალური დირექტორი ქართლოს ყორანაშვილი „კომერსანტთან“ განმარტავს, რომ  „ესტონური მოდელი“ ზოგადადაც გამართლებულია და რეალობაშიც გაამართლა. მისი განცხადებით, გარკვეული თვალსაზრისით, ის ნაწილობრივ აბალანსებს ქვეყანაში არასაბანკო ფულადი რესურსების უკმარისობას, მათ შორის, საფონდო ბაზრისა თუ სხვა საინვესტიციო შიდა რესურსების არარსებობის პირობებში: ბიზნესს განსავითარებლად აღარ უწევს ძვირი კრედიტის ძიება იმ ნაწილში, რაც მან წლის განმავლობაში მოიპოვა. ხოლო რეინვესტირების შედეგად გაძლიერებული კომპანია უფრო განვითარებულ სერვისებს, უფრო შემძლე დამსაქმებელს და, სამომავლოდ, გადასახადის უფრო მსხვილ გადამხდელს ნიშნავს.
როგორც ყორანაშვილი განმარატვს, „ესტონური მოდელი“ დასაწყისიდანვე არ გავრცელდა საფინანსო სექტორზე: ბანკებზე, მიკროსაფინანსო ორგანიზაციებსა და სადაზღვევო კომპანიებზე.
„ახლაც, ორი წლის შემდეგ, კვლავ გაჟღერდა, რომ საფინანსო სექტორის მიმართ „ესტონური მოდელის“ ამოქმედება კვლავ უნდა გადავადდეს 2023 წლამდე. არადა, დაუშვებელია საგადასახადო მიზნებისათვის ბანკებისა და სადაზღვევო კომპანიების ერთმანეთისაგან არგამიჯვნა. არც ისტორიულად, არც ფინანსურად და არც დანიშნულებით ისინი ერთნაირები არ არიან. სადაზღვევო კომპანიების სოციალური და მათი საფინანსო კრიზისებში მონაწილეობის როლი დღითიდღე იკვეთება თუნდაც იმით, რომ სახელმწიფო ნელ-ნელა იწყებს გარკვეული გამოწვევების მათზე დელეგირებას. მაგალითად, საკმაოდ წარმატებულად დაწყებული აგროდაზღვევის პროგრამა, მასობრივი თავშეყრის ობიექტების დაზღვევის საპილოტე პროგრამა.
ასე რომ, სადაზღვევო კომპანიებს მეტად თუ არა, არანაკლებ სჭირდებათ განვითარებაში ხელშეწყობა, როგორც ნებისმიერ სხვა სექტორს, რადგან სწორედ სადაზღვევო კომპანიებმა უნდა განავითარონ მოსახლეობისა თუ სხვადასხვა ბიზნესების სადაზღვევო მხარდაჭერის შესაძლებლობები და ამით შეიტანონ წვლილი საზოგადოებასა და ეკონომიკაში.
მით უმეტეს, როცა წელს სადაზღვევო კომპანიებს კაპიტალის მიმართ მოთხოვნები გაეზარდათ და, ასევე, სადაზღვევო რეზერვების მიმართულებით კიდევ არაერთი ცვლილება იგეგმება, ამის პარალელურად მათი ხელშეწყობაც არ უნდა გადავადდეს“-განმარტავს ყორანაშვილი.
"კომერსანტი"
27.02.2018
Bookmark this post on del.icio.usDigg this post on digg.comSubmit to PropelleSubmit this post on reddit.comShare on FacebookBookmark this post on Google
<< უკან დაბრუნება
COPYRIGHT © 2010 - 2024
CREATED BY
Neomedia