დაზღვევის ბაზარზე არსებული გამოწვევები - პირველი საერთაშორისო სადაზღვევო ფორუმი საქართველოში

დღეს საქართველოში საერთაშორისო მედია სააგენტო XPRIMM-ის მიერ საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობისა და ვენის სადაზღვევო ჯგუფის წევრის - კომპანია „ირაოს“ მხარდაჭერით საერთაშორისო სადაზღვევო ფორუმი იმართება. მსგავსი ტიპის ფორუმს საქართველო პირველად მასპინძლობს და მისი ჩატარების ძირითად მიზანს წარმოადგენს დაზღვევის ბაზარზე არსებული გამოწვევების განხილვა და გამოცდილების გაზიარება.
კონფერენციაზე განსახილველ ძირითად საკითხებს შორისაა სადაზღვევო ბაზრის გამოწვევები და განვითარების გზები. ფორუმზე საუბარი შეეხო ავტო და აგროდაზღვევის უახლეს ტრენდებს, ავტომფლობელთა მესამე პირის მიმართ პასუხისმგებლობის დაზღვევის შესახებ.
„ეს კონფერენცია, ვფიქრობ, ძალიან საინტერესო და დროულია, ბოლო ერთი წლის განმავლობაში მცირე მასშტაბით შემოვიდა სავალდებულო დაზღვევები - უცხოეთში რეგისტრირებული ავტომფლობელების პასუხისმგებლობის დაზღვევა, შემოვიდა საშიშ საწარმოებში შესაძლო ზარალების დაზღვევის საკითხი და ა.შ. ყველაზე მასშტაბური პროექტი კი შესულია პარლამენტში. ავტომფლობელთა პასუხისმგებლობის დაზღვევა ყველგან არსებობს ჩვენს გარდა, ამ მხრივ ჩვენ ისევ უნიკალურები ვართ. მომავალში ჩვენთანაც დიდი ძვრები მოხდება და ძალიან მნიშვნელოვანია უცხოელი კოლეგების გამოცდილება, რათა დავნერგოთ ესოდენ მნიშვნელოვანი სისტემა, რომელსაც ძალიან დიდი სოციალური დატვირთვა აქვს,“ - განაცხადა „კომერსანტთა“ საუბარში საქართველოს დაზღვევის ასოციაციის თავმჯდომარე დევი ხეჩინაშვილმა.
კომპანია „არდის“ აღმასრულებელი დირექტორი მიხეილ ჯაფარიძე მიიჩნევს, რომ დღესდღეობით საქართველოში არ აქვს მოსახლეობას გააზრებული დაზღვევის საჭიროება და აუცილებელია ამ მხრივ ცნობადობის ამაღლება.
„ჩვენი უცხოელი კოლეგები, ინვესტორები, პარტნიორები ხედავენ, რომ საქართველოს სადაზღვევო ბაზარი ძალიან სწრაფად იზრდება, ამიტომაცაა რომ მსგავსი აქტივობები იზრდება. ყველაზე დიდი გამოწვევა საქართველოში, ჩემი აზრით, არის დაბალი აღქმადობა სადაზღვევო პროდუქტებისადმი. მოსახლეობა ვერ გრძნობს იმას, თუ რამდენად საჭიროა სადაზღვევო პროდუქტები ყოველდღიური ცხოვრებაში. ეს არ არის ფუფუნების საგანი და რთული ფინანსური ინსტრუმენტი, რომელსაც რამე განსაკუთრებული გაგება სჭირდება, გამოწვევად მიმაჩნია ისიც, რომ ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობა არ არის იმ დონეზე, რომ მოსახლეობამ დაზღვევაში მეტი თანხის გადახდა შეძლოს. ყოველივე აქედან გამომდინარე, ჩვენთვის მნიშვნელოვანია უცხოელი კოლეგების გამოცდილება, მით უფრო, რომ წელს ველოდებით მესამე პირის პასუხისმგებლობის გააქტიურებას და შესაბამისი კანონმდებლობის დამტკიცებას. ეს მიმართულება ყველა განვითარებულ ქვეყანაში უკვე დანერგილია,“ - ამბობს მიხეილ ჯაფარიძე.
„სადაზღვევო ბაზრის წარმომადგენლებს შესაძლებლობა აქვთ საკუთარი ცოდნა გაუზიარონ ერთმანეთს. ამგვარი შეხვედრები სხვა ქვეყნებსა თუ კომპანიებში დაშვებულ შეცდომებს აგვარიდებს, როგორც რეგულაციების, ასევე სხვა აქტივობებში,“ - განაცხადა საერთაშორისო რეიტინგების კომპანია FITCH-ის დირექტორმა ანა ლიტვინენკომ.
“მოხარული ვარ, რომ საქართველოში იმართება XPRIMM –ის დაზღვევის საერთაშორისო ფორუმი და კომპანია ირაო - ვენის სადაზღვევო ჯგუფი, ამ კონფერენციის ოფიციალური პარტნიორია. ვფიქრობ, მსგავსი კონფერენციები არის ძალიან მნიშვნელოვანი საქართველოს სადაზღვევო ბაზრისათვის. კომპანია ირაო ვენის სადაზღვევო ჯგუფს წარმოადგენს, შესაბამისად ჩვენთვის ნაცნობია სადაზღვევო ბიზნესის წარმოების თანამედროვე სტანდარტები, ამიტომ ვფიქრობ, ძალიან პროდუქტიული და საინტერესო იქნება ჩვენი სხვა უცხოელი კოლეგების გამოცდილების გაზიარება და მსჯელობა საქართველოს სადაზღვევო ბაზრის გამოწვევებზე, განვითარების გზებსა და ახალ ტექნოლოგიებზე.” -აცხადებს კომპანია ირაოს გენერალური დირექტორი ვახტანგ დეკანოსიძე.
დღევანდელ კონფერენციას ესწრებოდნენ სხვადასხვა ევროპული სადაზღვევო კომპანიების წარმომადგენლები, მათ შორის ვენის სადაზღვევო ჯგუფის დირექტორთა საბჭოს წევრი პიტერ ტირინგი. კონფერენციაზე მთავარი სპიკერებად საქართველოს პარლამენტის საფინანსო საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე , ირაკლი კოვზანაძე და საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის თავმჯდომარე დავით ონოფრიშვილი იყვნენ წარმოდგენილი.
"კომერსანტი"

14.03.2019
Bookmark this post on del.icio.usDigg this post on digg.comSubmit to PropelleSubmit this post on reddit.comShare on FacebookBookmark this post on Google
<< უკან დაბრუნება
COPYRIGHT © 2010 - 2019
CREATED BY
Neomedia