„დაზღვეულებს შესაძლოა მომსახურება გაუძვირდეთ“ - „სადაზღვევო ასოციაცია“ ჯანდაცვის რეფორმაზე

„ჩვენ რასაც ვშიშობთ,  არის ის, რომ არ გაგვიძვირდეს მომსახურება, რადგან კლინიკებს დეფიციტი შეექმნებათ, რაც სადაზღვევოებისთვის ფასის გაზრდის ალბათობას ქმნის. კლინიკები იბრძვიან და არის მთავრობასთან დიალოგი, რომ რაღაც არგუმენტები ნახონ იმისათვის, რათა რეფორმა შერბილდეს. თუ შეთანხმება ვერ მოხდა, შესაძლოა, ჩვენს დაზღვეულებს მომსახურება გაუძვირდეთ“, - ასე აფასებს „სადაზღვევო ასოციაციის“ ხელმძღვანელი დევი ხეჩინაშვილი ჯანდაცვის სამინისტროს რეფორმას.
დევი ხეჩინაშვილი ფიქრობს, რომ კლინიკებმა შესაძლოა არასახელმწიფო პროგრამიდან სცადონ თანხის ამოღება, რაც სადაზღვევო პაკეტების გაძვირებას გამოიწვევს.
„კონკრეტულ ციფრებზე და პროცენტულ ზრდაზე ამ ეტაპზე რთულია საუბარი, რადგან ჩვენ წინასწარ არ ვიცით რა და როგორ მოხდება. გარდა ამისა, ყველაფერი კლინიკებსა და კომპანიების შორის მოლაპარაკების საგანია. მოკლევადიანი შედეგი შეიძლება იყოს დაძაბულობა, მოხდეს ფასების ზრდა, მაგრამ შემდეგ რაღაც დონეზე უნდა დასტაბილურდეს.თუმცა, შეიძლება ეს დასტაბილურების ნიშნული სადაზღვევოებისთვის უფრო მაღალი იყოს, რადგან კლინიკებმა სცადონ არასახელმწიფო პროგრამიდან მომსახურების გაძვირება. კლინიკების მიხედვით ფასების ზრდა განსხვავებული იქნება, ამის შედეგს კი ნახევარ წელიწადში დავინახავთ. უბრალოდ, ვთვლით, რომ კლინიკებს რა თანხაც დააკლდებათ, ამ დანაკლისის ნაწილის გადმოტანას ჩვენზე შეეცდებიან და ალბათ ჯიბიდანაც მოუწევთ გადახდა. ვნახოთ, ხარჯის გადანაწილება როგორ მოხდება.
იმედი გვაქვს, რომ რეალურ ციფრებზე შეჯერდებიან და ამას უნდა მოყვეს საქართველოში სელექტიური კონტრაქტინგის დაწყება, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ხარისხისთვის და ფინანსირებისთვის“, - განაცხადა დევი ხეჩინაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ 21 ნოემბრიდან ძალაში შევიდა საქართველოს მთავრობის 5 ნოემბრის  № 520-ე დადგენილება, რომლის თანახმად, საყოველთაო ჯანდაცვაში ჩართული კლინიკებისთვის ტარიფები გათანაბრდა.
აღსანიშნავია, რომ სამედიცინო დაწესებულებების წარმომადგენლები ღიად აცხადებენ, რომ ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გატარებული რეფორმა პაციენტების მომსახურების ხარისხის მკვეთრ გაუარესებას გამოიწვევს. მათი თქმით, სახელმწიფო უწყებამ ისეთი ტარიფები დაადგინა, რომელიც დღევანდელ საფინანსო-ეკონომიკურ პარამეტრებს რეალურად არ ასახავს.
"კომერსანტი"
02.12.2019
Bookmark this post on del.icio.usDigg this post on digg.comSubmit to PropelleSubmit this post on reddit.comShare on FacebookBookmark this post on Google
<< უკან დაბრუნება
COPYRIGHT © 2010 - 2024
CREATED BY
Neomedia