კანონმდებლობა, რომელსაც მნიშვნელოვნად უნდა შეეცვალა სადაზღვევო ბაზარი ჯერ კიდევ განუხორციელებელია

რა გამოწვევების წინაშე აღმოჩნდა სადაზღვევო სექტორი 2019 წელს, რა ძირითადი ტენდენციები იკვეთებოდა და რა მოლოდინები აქვთ  მომავალი წლისთვის, ამ თემებზე „კომარსანტთან“ „სადაზღვევო ასოციაციის“ ხელმძღვანელმა დევი ხეჩინაშვილმა ისაუბრა.
ის წლის მთავარ პრობლემად, ავტომფლობელის სამოქალაქო პასუხისმგებლობის დაზღვევის შესახებ კანონის განუხორციელებლობას ასახელებს. აღნიშნულ რეგულაციას ქვეყანას ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებაც ავალდებულებს და კანონპროექტიც მზად არის, თუმცა, კანონმდებლებმა კანონპროექტის კანონად ქცევა, ჯერაც ვერ მოახერხეს.
„წლის გამორჩეულობაზე თუ ვილაპარაკებთ, ძალიან დიდი მოლოდინი იყო საკანონმდებლო კუთხით, რომელსაც მნიშვნელოვნად უნდა შეეცვალა სადაზღვევო ბაზარი და ურთიერთობები. შარშან წლის ბოლოს მთავრობამ პარლამენტში შეიტანა კანონპროექტი ავტომფლობელის სამოქალაქო პასუხისმგებლობის დაზღვევის შესახებ და აქტიური მოლოდინი იყო, იმისა რომ წელს ამ კანონპროექტს განიხილავდნენ, მაგრამ სამწუხაროდ ეს არ მოხდა. სადაზღვევო სექტორის მოლოდინი ძალიან დიდი იყო და ამ კანონპროექტს სადაზღვევო ბაზარზე ძალიან დიდი გავლენა ექნებოდა. გარდა ამისა, მთავრობასთან მიმდინარეობდა რამდენიმე საკითხზე მუშაობა, რომლებიც დღესაც სამუშაო რეჟიმში რჩება. მათ შორის არის განსაკუთრებულად საშიში საწარმოების დაზღვევის ოპტიმიზება, რომელიც მთავრობას კანონით ევალება. გარდა ამისა, ბაზარი, როგორც ყოველთვის ზეკონკურენტული რჩება და 10%-იანი ზრდაა დაზღვეულთა რაოდენობის მხრივ, ასევე მცირედით, დაახლოებით 20%-ით გაიზარდა ნებაყოფლობითი მანქანების დაზღვევა“, - განმარტავს დევი ხეჩინაშვილი.
დევი ხეჩინაშვილი აღნიშნავს, რომ მომავალი წელს სადაზღვევო სექტორი ისევ მოლოდინის რეჟიმში იქნება და იმედოვნებს, რომ კანონპროექტი 2020 წელს მაინც განხორციელდება.
„2020 წელი საკანონმდებლო თვალსაზრისით მნიშვნელოვანი წელია, არჩევნების გამო, მაგრამ ჩვენ მაინც მოლოდინი გვაქვს, რომ წლის ბოლოსთვის ის უმნიშვნელოვანესი კანონპროექტი გავა და პარლამენტი განიხილავს ანუ გამოდის ისევ მოლოდინის რეჟიმში ვიქნებით. ეს ევროკავშირის შეთანხმებაცაა საქართველოს მთავრობასთან. სხვა მხრივ, ჩვეულებრივ გავაგრძელებთ ბიზნესის განვითარებას და იმედი მაქვს, რომ სხვა საკითხებიც, რომლებიც ბოლომდეა მისაყვანი, მაგალითად ისეთი როგორიცაა საშიშ საწარმოების დაზღვევის საკითხი, მომავალ წელს გადაწყდება,“ - აღნიშნავს დევი ხეჩინაშვილი.
"კომერსანტი"
31.12.2019
Bookmark this post on del.icio.usDigg this post on digg.comSubmit to PropelleSubmit this post on reddit.comShare on FacebookBookmark this post on Google
<< უკან დაბრუნება
COPYRIGHT © 2010 - 2020
CREATED BY
Neomedia