კორონავირუსით დაზარალებულებისთვის შესაძლოა, სადაზღვეო შენატანებზე შეღავათები დაწესდეს

მათთვის, ვინც კორონავირუსის გამო, შემოსავლები დაკარგა, შესაძლოა, სადაზღვეო შენატანებზე შეღავათები დაწესდეს. ამის შესახებ „ბიზნესპრესნიუსს“ საქართველოს სადაზღვევო ასოციაციის თავმჯდომარემ დევი ხეჩინაშვილმა განუცხადა.

მისი თქმით, პანდემიის გამო, სადაზღვევო სექტორი თავადაც დაზარალებულია, რადგან შექმნილ ვითარებაში მთლიანად გაჩერებულია საცალო გაყიდვები.

„კორონავირუსმა სადაზღვეო სექტორზე ძალიან დიდი გავლენა იქონია. ჯერ ერთი იმიტომ, რომ საცალო გაყიდვა მთლიანად გაჩერებულია. ამ პირობებში თანამშრომლები ვერ დადიან და ვერავის ეკონტაქტებიან. მეორე, სამწუხაროდ, მთელი ტურიზმი და მასთან დაკავშირებული ყველა მიმართულება გაჩერდა. ჩვენ შემთხვევაში ეს არის ძირითადად ორი რამ: სამოგზაურო დაზღვევა და უცხო ქვეყნის რეგისტრირებული მანქანების პასუხისმგებლობის დაზღვევა, რომელიც ასევე ვერ მუშაობს. ტვირთების მცირე რაოდენობა შემოდის, თუმცა ფაქტობრივად, ეს მიმართულებაც გაჩერებულია. ეს არის ის, რაც თვალხილულად ჩანს. ჩვენ რამდენიმე დღეში გვექნება მონაცემები დაზღვევის სხვა სახეობებში, რამდენმა ადამიანმა თუ კომპანიამ ვერ გადაიხადა, ან თვითონ მიმართა გადავადებაზე, რისი საშუალებაც დღეს არ არსებობს“,-ამბობს დევი ხეჩინაშვილი.

მისი თქმით, საგანგებო მდგომარეობის პირობებში, ადამიანებს რეალურად შეუმცირდათ შემოსავლები და მას შემდეგ, რაც სადაზღვევო ასოციაცია კონკრეტულ ციფრებს დაითვლის, სავარაუდოდ, მთავრობასთან ერთად მოხდება შემდგომი ნაბიჯების დაგეგვმა. რათა, ერთის მხრივ, თავად სადაზღვევო ბიზნესი შეფასდეს, როგორც კორონავირუსით დაზარალებული სექტორი და მეორეს მხრივ, სადაზღვევო შენატანებზე გარკვეული შეღავათები დაწესდეთ.

„რამდენმა დატოვა, ან ვერ გადაიხადა თანხა, სტატისტიკური მონაცემები ჯერ არ გვაქვს. ზოგი მათგანი ამას უბრალოდ აცხადებს, თუმცა რეალურად, ხელშეკრულება ისევ არსებობს.

ობიექტურად რომ ვთქვათ, ადამიანებს ძალიან შეუმცირდათ შემოსავალები და ყველა საკუთარი ბიუჯეტის გადახედვას იწყებს. თუმცა, როგორც სხვა სექტორები, სადაზღვევო ბიზნესიც ერთ-ერთი მათგანია, ვინც კორონავირუსმა დააზარალა.

მას შემდეგ, რაც კონკრეტული მონაცემები გვექნება, ალბათ, მთავრობასთან მოგვიწევს საუბარი ისე, როგორც სხვა ბიზნესები, ვინც უშულოდ დაზარალდა კორონავირუსით.

თუმცა, არის კიდევ ერთი თემა, რომელიც ვფიქრობ, რომ ყურადსაღებია. თუ აღმოჩნდა, რომ განსაკუთრებით ჯანმრთელობის დაზღვევაში, ბევრმა ადამიანმა გაწყვიტა ხელშეკრულება, მერე ალბათ, კიდევ უფრო სერიოზულად იქნება სამსჯელო მთავრობასთან ერთად. გარდა იმისა, რომ ცუდია ჯანმრთელობის კერძო დაზღვევიდან გასვლა, ეს ყველაფერი წნეხად ისევ საყოველთაო დაზღვევას მიუბრუნდება. ამიტომ, გვინდა, რომ რეალური ციფრები შევკრიბოთ და შემდგომი ნაბიჯები ისე დავგეგმოთ.

რაღაც იდეები არის. მაგალითად, თუ აღმოჩნდა, რომ ბევრი ადამინია, ვინც დაზღვევის თანხას შემოსავლის დაკარგვის გამო ვეღარ იხდის, შესაძლოა, შენატანებზე საგადასახადო შეღავათი დაუწესდეს. მე ვფიქრობ, მსგავს ღონისძიებები საჭიროა, რათა კორონვირუსის ნეგატიური ეფექტი შევარბილოთ“,- აცხადებს დევი ხეჩინაშილი.

"bpn"

08.04.2020
Bookmark this post on del.icio.usDigg this post on digg.comSubmit to PropelleSubmit this post on reddit.comShare on FacebookBookmark this post on Google
<< უკან დაბრუნება
COPYRIGHT © 2010 - 2020
CREATED BY
Neomedia