ავტომფლობელთა სავალდებულო დაზღვევის ამოქმედება ამჯერად Covid 19-მა გადადო

ავტომფლობელთა სავალდებულო დაზღვევის შემოღება შესაძლოა ვერც წელს განხორციელდეს. „სადაზღვევო ასოციაციის“ ხელმძღვანელი დევი ხეჩინაშვილი „კომერსანტთან“ აცხადებს, რომ კანონის მიღებას ხელი ამჯერად ახალმა კორონავირუსმა შეუშალა.
„კანონპროექტი ჯერ კიდევ პარლამენტშია და სავარაუდოდ წელს ეს კანონი არ ამოქმედდება. სამწუხარო ის არის, რომ ამდენი ხანია ამაზე შეთანხმება არსებობს, 2 წელია ეს კანონპროექტი პარლამენტში დევს და ახლა ამ პანდემიის ფარგლებში ნაკლებად სავარაუდოა წელს მისი ამოქმედება. ზოგადად, არ არის კარგი ასე გაწელვა, იმედია წელს სერიოზულად დაიგეგმება და მომავალი წლიდან უკვე ამოქმედდება. დიდი მოლოდინი იყო სადაზღვევო სექტორიდან ამასთან დაკავშირებით, ჩვენ დღეს სადაზღვევო ბაზარზე გვაკლია ისეთი ინსტრუმენტი, რომელიც სადაზღვევო კულტურას მართლა შექმნის, ბევრ ხალხს ჩააბამს სადაზღვევო ურთიერთობებში და ზარალს აუნაზღაურებს. კანონპროექტი ძალიან ბერჯერ გადაიდო, შეიძლება ახლა რეალურად პანდემიის გარდა სხვა მიზეზებიც იყოს, თუმცა Covid 19-მა საფუძველი შექმნა, რომ ამ კანონპროექტის განხილვა გადადებულიყო. აქამდე რომ გაწელეს, ნიშნავს იმას, რომ სხვადასხვა პოლიტიკური თუ სოციალური მიზეზებიდან გამომდინარე მთავრობას და პარლამენტს უჭირთ მისი მიღება. როცა ჩვენს გარდა მსოფლიოში ყველგან არის ავტომფლობელთა სავალდებულო დაზღვევა, დავიჯერო ჩვენ მეტად ვზრუნავთ ჩვენ ხალხზე რომ არ შემოგვაქვს? - არადა პირიქით, მოსახლეობაზე რეალურად ის ქვეყნები ზრუნავენ“, - აცხადებს დევი ხეჩინაშვილი.
აღსანიშნავია, რომ სამოქალაქო პასუხისმგებლობასთან დაკავშირებული კანონპროექტი პარლამენტს თითქმის 2 წლის წინ წარედგინა. კანონი 2019 წლის ივლისიდან უნდა ამოქმედებულიყო, თუმცა თარიღი რამდენჯერმე შეიცვალა. სამოქალაქო პასუხისმგებლობის დაზღვევა ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაზარალებული პირისთვის ზარალის სრულ ანაზღაურებას ითვალისწინებს. კანონპროექტის თანახმად, წლიური სადაზღვევო პრემია ავტომობილების კატეგორიის მიხედვით განისაზღვრება.

"კომერსანტი"

02.06.2020
Bookmark this post on del.icio.usDigg this post on digg.comSubmit to PropelleSubmit this post on reddit.comShare on FacebookBookmark this post on Google
<< back
COPYRIGHT © 2010 - 2024
CREATED BY
Neomedia