ტურისტების სავალდებულო დაზღვევამ კორონავირუსთან დაკავშირებული შესაძლო ხარჯები უნდა დაფაროს

სადაზღვევო სექტორი და ჯანდაცვის სამინისტრო, შემომავალი ტურისტების სავალდებულო დაზღვევის პროექტზე მუშაობენ.
„სადაზღვევო ასოციაციის“ ხელმძღვანელი დევი ხეჩინაშვილი „კომერსანტთან“ საუბრისას აღნიშნავს, რომ სავალდებულო დაზღვევის ინიციატივის ავტორი ჯანდაცვის სამინისტროა, ამ ეტაპზე კი პროდუქტებსა და სისტემაზე მიმდინარეობს შეთანხმება.
„საქართველოში არაფერი არ არის სავალდებულო, მათ შორის არც ტურისტების დაზღვევა. ახლა რა საკითხზეც ვმუშაობთ, არის პროცესი რომელსაც ჯანდაცვის სამინისტრო ახორციელებს, ჩვენ გვაქვს ინფორმაციის გაცვლა იმისათვის, რომ პროდუქტზე და სისტემაზე შევთანხმდეთ. მთავარი განმასხვავებელი არსებულიდან არის ის, რომ ეს უნდა იყოს შემომავალი ტურისტებისთვის, სწორედ იმიტომ რომ კოვიდის განკურნების და მასთან დაკავშირებული ხარჯების დაფარვა მოხდეს. უცხოელი ტურისტი საქართველოში რომ  ჩამოვა თუ მას კორონავირუსი დაემართება, მისი მკურნალობის ხარჯებს და თუ მეგობრებთან ან ოჯახის წევრებთან არის, მათ საკარანტინო ხარჯებს ამ სავალდებულო დაზღვევით დაფარავს. ასეთი ხარჯები ბიუჯეტს ტვირთად აღარ დააწვება, როგორც მაგალითად დღეს ხდება. ბუნებრივია ამავე ნაწილში განსაზღვრულია, რომ ტურისტს არა კოვიდის, არამედ სხვა ჯანმრთელობის პრობლემების დროს, რომელსაც ჩვეულებრივ შემთხვევაში საყოველთაო დაზღვევა ფარავს და ქვეყნის ბიუჯეტის ხარჯია, ეს საკითხიც მოწესრიგდება. როგორ, რანაირად და რა ვადაში - ეს ჯერჯერობით უცნობია, მიმდინარეობს მოლაპარაკებები და ეს უკვე სამინისტროს და პარლამენტის პრეროგატივაა“, - განმარტავს დევი ხეჩინაშვილი.
დევი ხეჩინაშვილი აღნიშნავს, რომ ეს ინიციატივა სადაზღვევო სექტორს პანდემიის შემდეგ ძალიან დაეხმარება, გარდა ამისა, ტურისტების სავალდებულო დაზღვევა ბიუჯეტისთვისაც და ჯანდაცვისთვისაც დადებითი მოვლენაა.
„შემომავალი ტურისტების დაზღვევამ კორონავირუსთან დაკავშირებული შესაძლო ხარჯებიც უნდა დაფაროს, ამიტომ რაც შეეხება სადაზღვევო სექტორს, ეს რასაკვირველია ჩვენთვის ძალიან კარგია. სექტორი ამ ინიციატივას ერთხმად უჭერს მხარს. მთელი მსოფლიო სავალდებულო დაზღვევის მომხრეა და ამას იყენებს, მაგრამ ჩვენ არ გვაქვს. ზოგადად თუ ტურიზმი მალე აღდგა, ტურისტების სავალდებულო დაზღვევა ბიუჯეტისთვისაც კარგი იქნება, ჯანდაცვისთვისაც და სადაზღვევო სექტორისთვისაც“, - აცხადებს დევი ხეჩინაშვილი.

12.06.2020
Bookmark this post on del.icio.usDigg this post on digg.comSubmit to PropelleSubmit this post on reddit.comShare on FacebookBookmark this post on Google
<< back
COPYRIGHT © 2010 - 2020
CREATED BY
Neomedia