„ზუსტად უნდა ვიცოდეთ, რას გულისხმობს ჩვენი მონაწილეობა COVID-ის მართვაში“ - სადაზღვევოები სამინისტროსგან მეტ დეტალებს ითხოვენ

სადაზღვევო კომპანიების ოჯახის ექიმები კორონავირუსის მართვაში დღეიდან ჩაერთვებიან, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ კორონავირუსთან დაკავშირებით მოქმედი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე გუშინ განაცხადა.
„ჩვენი მოქალაქეები საკმაოდ მაღალ ანაზღაურებას იხდიან თავიანთ დაზღვევაში. შესაბამისად, ეს ვალდებულება ყველა სადაზღვევოს და ყველა იმ ოჯახის ექიმს აქვს, ვინც ამ პროგრამაში არის ჩართული“, - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.
„არდი დაზღვევის“ აღმასრულებელი დირექტორი მიხეილ ჯაფარიძე „კომერსანტთან“ საუბრისას აცხადებს, რომ სადაზღვევო სექტორს მთავრობასთან მხოლოდ ზეპირი კომუნიკაცია ჰქონდა და მიუხედავად იმისა, რომ მზად არიან მხარი დაუჭირონ COVID-ის მართვასთან დაკავშირებულ ღონისძიებებს, მეტი კონკრეტიკა და დეტალები სჭირდებათ.
„ჩვენ გვქონდა ზეპირი კომუნიკაცია სამინისტროსთან, თუმცა მეტი კონკრეტიკა გვჭირდება. სადაზღვევო კომპანიებმა ზუსტად უნდა ვიცოდეთ, რა იგულისხმება როდესაც ვსაუბრობთ ჩვენს მონაწილეობაზე COVID-ის მართვაში, როგორი უნდა იყოს უკუკავშირი და ა.შ.
ზოგადად გვინდა აღვნიშნოთ, რომ მზად ვართ მხარი დავუჭიროთ COVID-ის მართვასთან დაკავშირებულ ღონისძიებებს. თუმცა გვჭირდება თანამშრომლობის ფორმატი. დეტალებზე საუბარი რთულია მანამ, სანამ არ გვექნება კონკრეტული პროტოკოლი.შესაბამისად ველოდებით კონკრეტულ, დაწერილ წესებს, თუ რა შემთხვევაში და რა ფორმით უნდა მოხდეს კერძო კომპანიების ჩართვა ამ პროცესში. ეს შესაძლებლობას მოგვცემს გავიგოთ, რა შეგვიძლია გავაკეთოთ და რა - ვერა, რა ფარგლებში და რა რესურსებით. ვიმედოვნებთ, რომ ამ კუთხით მეტი სიცხადე იქნება. დღესდღეობით სადაზღვევო კომპანიებს ვალდებულებები აქვთ მხოლოდ მათ მიერ დაზღვეულებთან გაფორმებული კერძო კონტრაქტის პირობების ფარგლებში“, - აცხადებს მიხეილ ჯაფარიძე.
„იმედი L”-ის გენერალურმა დირექტორმა გივი გიორგაძემ განაცხადა, რომ ამ ეტაპზე სადაზღვევო კომპანიები სამინისტროსთან ერთად დაზღვეული კოვიდინფიცირებული პაციენტების ბინაზე მკურნალობის და მეთვალყურეობის პროცესში ჩართვაზე მუშაობენ.
„სადაზღვევოები სამინისტროსთან ერთად ვმუშაობთ დაზღვეული კოვიდინფიცირებული პაციენტების ბინაზე მკურნალობის და მეთვალყურეობის პროცესში ჩართვაზე. ჩვენი დაზღვეულები ჩვენს მართვაში მომსახურე ოჯახის ექიმებს მუდმივად ეკონტაქტებიან და მათგან იღებენ შესაბამის რჩევებს.  ახლა საუბარია და მიდის მუშაობა სისტემური პროცესის აწყობაზე და ამ დეტალებს ჯანდაცვის სამინისტროსგან ველით. თუმცა უნდა აღვნიშნო, რომ ჩვენ გვაქვს რესურსი წვლილი შევიტანოთ COVID-19-ის მართვის გამართულად განხორციელებაში“, - აღნიშნა გივი გიორგაძემ.
„გლობალ ბენეფიტს ჯორჯიას“ გენერალური დირექტორი ნინო კობახიძე ამბობს, რომ ჯანდაცვის სამინისტროსგან ერთიანი პროტოკოლის და გაიდლაინის მიწოდებას ელიან, ამ დროისთვის კი სამინისტროსთან დეტალების გასარკვევად კომუნიკაცია მიმდინარეობს.
„დადასტურებული შემთხვევების ბინაზე მართვას სადაზღვევო კომპანიები უზრუნველყოფენ, ამაში შედის მედიკამენტოზური მკურნალობაც. თუმცა აღსანიშნავია, რომ სადაზღვევო კომპანიები თავის დაზღვეულებს ოპერირებას უწევენ კონტრაქტორი და პროვაიდერი კლინიკების მეშვეობით და იქ განთავსებული ოჯახის ექიმების საშუალებით, თუმცა ჩვენ დაზღვეულებს ემსახურება კონკრეტულად მიმაგრებული ექიმი. „გლობალ ბენეფიტს ჯორჯია“ ჯანდაცვის სამინისტროს სადაზღვევო კომპანიების ოჯახის ექიმების ჩართულობას ჯერ კიდევ თებერვალში სთავაზობდა და ამისთვის მზაობაც გამოვთქვით, რადგან მსუბუქი პაციენტების მართვა სადაზღვევო კომპანიებისთვის პრობლემას არ წარმოადგენს. ამ საკითხზე პირველი კომუნიკაცია მხოლოდ რამოდენიმე კვირის წინ მოხდა ჯანდაცვის სამინისტროსთან და აქტიურად ვართ ჩრთული ამ საკითხში. თუმცა, ეს ყველაფერი პანდემიასთან ბრძოლის რეჟიმში გამოცხადებული პროტოკოლით უნდა იმართებოდეს. შესაბამისად, ჩვენ ველით ჯანდაცვის სამინისტროსგან ამ ერთიანი პროტოკოლის და გაიდლაინის მოწოდებას და არც გადამზადება დაწყებულა. ამ დროისთვის სამინისტროსთან კომუნიკაცია მიმდინარეობს და  სექტორი ელოდება, რომ დაიწყება ერთიანი გადამზადების ციკლი“, - განმარტა ნინო კობახიძემ.
"კომერსანტი"
27.10.2020
Bookmark this post on del.icio.usDigg this post on digg.comSubmit to PropelleSubmit this post on reddit.comShare on FacebookBookmark this post on Google
<< უკან დაბრუნება
COPYRIGHT © 2010 - 2024
CREATED BY
Neomedia