Backapp - საქართველოში დაზღვევის პირველი აპლიკაცია შეიქმნა

რადიო კომერსანტის გადაცემაში დაზღვევის დრო სს სადაზღვეო კომპანია ალდაგი- ის გენერალურმა დირექტორმა გიორგი ბარათაშვილმა საქართველოში დაზღვევის პირველი აპლიკაციის „ბექაფის /backapp” –ის შესახებ ისაუბრა. მისი თქმით, ალდაგი ყოველთვის იყო დაზღვევის სფეროში ინოვატორი და ახლაც პირველი კომპანია აღმოჩნდა, რომელმაც შექმნა ინოვაციური სადაზღვევო პროდუქტი.   
ალდაგმა  პანდემიის პერიოდში სრულიად გააციფრულა მომსახურების პროცესი. გიორგი ბარათაშვილის თქმით, ციფრული განვითარების მომდევნო საფეხური პირველი ციფრული აპლიკაციის შექმნა იყო. 
ეს არის ალდაგის მიერ შექმნილი ახალი ბრენდი, რომლის მიზანი იყო დაზღვევის ხელმისაწვდომობის კიდევ უფრო გაზრდა და დაზღვევის კულტურის განვითარება.  ბექაფს, როგორც ცალკე ბრენდს, ჰყავს თავისი გუნდი, რომელიც მუდმივად მის განვითარებაზე იმუშავებს.“
ციფრული დაზღვევით სარგებლობისას, მომხმარებელს მანქანაში უმონტაჟდება მოწყობილობა, რომელიც უკავშირდება აპლიკაციას და სწორედ აპლიკაციაში დაინახავს მომხმარებელი, თუ რამდენად კარგად მართვას ავტომობილს. მძღოლს აპლიკაცია აფასებს გარკვეული პარამეტრებით  (აჩქარება, მოხვევა, დადგენილ სიჩქარესთან შესაბამისობა და დამუხრუჭება)და სწორედ მანქანის ტარების ხარისხზეა დამოკიდებული გადასახდელი თანხა. რაც უფრო კარგად ატარებს მძღოლი ავტომობილს, მით უფრო ნაკლებს იხდის დაზღვევაში.
„აპლიკაციით სარგებლობისთვის, მომხმარებელმა უნდა გადმოწეროს backapp, აპლიკაციაშივე გაივლის ტესტ დრაივს, სადაც გაიგებს, თუ როგორ მართავს მანქანას და დაახლოებით რა პრემიის გადახდა მოუწევს ყოველთვიურად. აპლიკაციის მთელი ხიბლი არის ის, რომ ადამიანს შეუძლია მინიმალურ ფასად, ანუ სტანდარტული დაზღვევის თითქმის ნახევარ ფასად, დააზღვიოს ავტომანქანა. იმ შემთხვევაში, თუ დაზღვეული კარგი მძღოლია და მანქანას კარგად ატარებს - ტარიფი იკლებს. აპლიკაციის მეშვეობით ასევე დაზღვეულია გაჩერებული მანქანაც.“- აღნიშნა გიორგი ბარათაშვილმა. 
თუ სტანდარტული ავტოდაზღვევის შეძენისას, დოკუმენტაციის წარდგენაა საჭირო, backapp აპლიკაციის შემთხვევაში პროცედურა სრულიად ციფრულია: აპლიკაციაშივეა შესაძლებელი სურათების და დოკუმენტების ატვირთვა, რაც ავტომატურად იტვირთება ციფრულ ბაზაში.
სამომავლოდ აპლიკაციას მრავალი ფუნქცია დაემატება, რომლის მიხედვითაც მძღოლი კიდევ უფრო მეტ ინფორმაციას ნახავს ავტომობილთან დაკავშირებით.
დაზღვევის შემდეგი საფეხური იქნება ის, რომ მძღოლს ვაჩვენებთ ინფორმაციას მისი მანქანის ჯანმრთელობის შესახებ, ჩვენი მომხმარებელი აპლიკაციაში დაინახავს თუ რამდენი კილომეტრი გაირა, რამდენი დაწვა მანქანამ, როდის უწევს ზეთის გამოცვლა და ა.შ.
რაც შეეხება ზარალებს, მარტივი დაზიანების შემთხვევაში, მომხმარებელს შეუძლია, რომ თვითონ ატვირთოს აპლიკაციაში სურათი, რაც ხელოვნური ინტელექტის მეშვეობით შეფასდება, მიუვა ინფორმაცია ანაზღაურებაზე და შემდეგ ანაზღაურდება. ასევე შეუძლია, რომ ანაზღაურების ძველ მეთოდს მიმართოს, დარეკოს ქოლ ცენტრში და გაიაროს სტანდარტული პროცედურა.- აღნიშნა გიორგი ბარათაშვილმა. 
ალდაგის აპლიკაცია გათვლილია იმ ადამიანებზე, რომლებსაც მოსწონთ ტექნოლოგიური პროდუქტები და სურთ დაზღვევის დაბალ ფასად შეძენა, ამავდროულად აინტერესებთ მანქანასთან დაკავშირებული ყველა ნიუანსი.
დღეს არსებული პრაქტიკიდან გამომდინარე, სადაზღვევო კომპანიები ახალბედა მძღოლებს არ აზღვევენ, შესაბამისად, ეს სეგმენტი, ყოველთვის ყურადღების მიღმა რჩებოდა. ჩვენი აპლიკაციის ჩამოტვირთვა შეუძლია ყველას ვისაც მანქანა ჰყავს, შესაბამისად შეუძლია, რომ რისკის მართვა დაიწყოს. გარდა ამისა, აპლიკაცია იდეალურია იმ ადამიანებისთვის, ვინც ბევრს არ მოძრაობს, ასეთ დროს, ისინი მხოლოდ მაშინ იხდიან დაზღვევის თანხას, როდესაც მანქანას მართავენ.- აღნიშნა გიორგი ბარათაშვილმა. 
ბექაფის შემდეგი განვითარება ისიც იქნება, რომ მომხმარებელი აპლიკაციაში საკუთარ რეიტინგს ნახავს, და სწორედ ამ რეიტინგების მიხედვით ჩვენ მათთვის გვექნება საჩუქრებიც, მაგალითად უფასო რეცხვა, ფასდაკლება საწვავზე და ა.შ.
იმ შემთხვევაში, თუ მომხმარებელს სადაზღვეო პროდუქტის გაუქმება მოუნდა, მას შეუძლია ყოველგვარი ჯარიმების გარეშე, აპლიკაციის მეშვეობით გამორთოს დაზღვევა.
რაც შეეხება 2020 და 2021 წლის გეგმებს ბარათაშვილი ამბობს, რომ 2020 წელს ბაზარმა მდგრადობა აჩვენა და სადაზღვეო ინდუსტრია პანდემიურ წელს საკმაოდ ძლიერად შეხვდა და მიუხედავად ჩავარდნებისა 2020 წელი სექტორისთვის კარგი ტესტი იყო.
2021 წლის პირველი კვარტალი საკმაოდ მძიმე იყო, მაგრამ ძალიან მიხარია, რომ ეკონომიკაში გადაიდგა ნაბიჯები, ეკონომიკა გაიხსნა, რაც შემდეგ კვარტლებს ხელს შეუწყობს და მგონია რომ 2021 წელი 2020-ზე უკეთესი იქნება. ბაზრის შემცირებას არ ველოდებით, იქნება ზრდა, რაც განსაკუთრებით პირველმა კვარტალმა გვაჩვენა. საცალო გაყიდვებში გვაქვს დიდი ზრდა, პანდემიამ ადამიანებს აჩვენა, რომ რისკის მართვა მნიშვნელოვანია. მართალია კონკრეტულ სეგმენტში იყო სტაგნაცია და შიშები, მაგრამ ეკონომიკის გახსნასთან ერთად ვფიქრობ, რომ აღმავლობაც გვექნება’ - აღნიშნა გიორგი ბარათაშვილმა.
"კომერსანტი"
03.07.2021
Bookmark this post on del.icio.usDigg this post on digg.comSubmit to PropelleSubmit this post on reddit.comShare on FacebookBookmark this post on Google
<< უკან დაბრუნება
COPYRIGHT © 2010 - 2021
CREATED BY
Neomedia