დევი ხეჩინაშვილი: მნიშვნელოვანია უმუშევრობის დაზღვევას შრომის ბაზარი როგორ აიტანს

სადაზღვევო ასოციაციის პრეზიდენტი დევი ხეჩინაშვილი „ბიზნესპარტნიორთან“ აცხადებს, რომ საქართველოს მთავრობამ უკვე დაიწყო მუშაობა ახალ სოციალურ კოდექსზე, რომელიც ძალაში 2024 წლის დასაწყისისთვის შევა.
სწორედ აღნიშნულ დოკუმენტშია უმუშევრობის დაზღვევის საკითხიც გათვალისწინებული, რომელზეც ყურადღება გუშინ ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ 10 წლიანი გეგმის პრეზენტაციისას გაამახვილა.
ხეჩინაშვილის განცხადებით, დოკუმენტის მომზადებაში საერთაშორისო დონორი ორგანიზაციებიც არიან ჩართულნი.
“ჩვენ ამაზე ჩვენი წარმოდგენები გვაქვს, თუმცა საქმე გვაქვს ჩვენი ეკონომიკისთვის გლობალურ მასშტაბზე. მნიშვნელოვანია შრომის ბაზრის რეგულირების საკითხებზე ქვეყანა რა მოდელს აირჩევს, სწორედ ამ კოდექსის ფარგლებში მოხდება ყველა ამ საკითხის განსაზღვრა და დარეგულირება,“ - აცხადებს ხეჩინაშვილი.
მისივე ინფორმაცით, სადაზღვევო სექტორს აქვს მოლოდინი, რომ სოციალური კოდექსის მომზადების პროცესში ინდუსტრია სოციალური რისკების მართვასთანაა დაკავშირებულ საკითხებთან მიმართებაში ჩართული იქნება. მათ შორის, შესაძლოა სადაზღვევო ინტრუმენტებით.
როგორც ხეჩინაშვილი განმარტავს, ქვეყანაში ასეთი მაღალი დონის დაცულობა ხარჯიანია, ეს ყველაფერი ფასი ღირს და მნიშვნელოვანია ამას როგორ აიტანს ჩვენი შრომის ბაზარი.
„ეს არის ამ ნაწილში დასაბალანსებელი რადგან სოციალური რისკები, დაწყებული შრომის უსაფრთხოებით, უმუშევრობით, ჯანდაცვით და დასრულებული პენსიით, ჯამში არის ერთგვარი ტვირთი, რომელიც ტვირთად აწევს ხელფასს, შრომის და პროდუქციის თვითღირებულებას. ეს უნდა დაბალანსდეს.
იმასაც არ აქვს მნიშვნელობა, საიდან ამოიღებ ამ ფულს, ყველა ვარიანტში საქართველოში კომბინაციები იქნება კერძო და სახელმწიფო ფინანსირების, ისევე როგორც საპენსიოს შემთხვევაა. მთავარია გვესმოდეს, მთლიანობაში რა გვინდა. იმედი მაქვს ეს პროცესი იმ პათოსით გაგრძელდება, როგორც დაიწყო,“ - აცხადებს ხეჩინაშვილი.
შეგახსენებთ, გუშინ ჯანდაცვის მინისტრმა 10 წლიანი გეგმის პრეზენტაციაზე განაცხადა, რომ სადაზღვევო სექტორის განვითარების მიზნით მათი პროდუქტები უნდა განვითარდეს.
მისი თქმით, საზოგადოებაში უნდა დაიწყოს მსჯელობა, როდისთვის იქნებიან მზად უმუშევრობის და დროებით შრომის უუნარობის დაზღვევისთვის. მინისტრის შეფასებით, ეს მნიშვნელოვანია, რადგან საზოგადოება, სახელმწიფოსთან ერთად იყოს პასუხისმგებელი გარკვეულ რისკებზე.
"კომერსანტი"

08.07.2021
Bookmark this post on del.icio.usDigg this post on digg.comSubmit to PropelleSubmit this post on reddit.comShare on FacebookBookmark this post on Google
<< უკან დაბრუნება
COPYRIGHT © 2010 - 2021
CREATED BY
Neomedia