„ევროკავშირი წლებია ამას ითხოვს“ - სადაზღვევო სექტორი ავტომფლობელთა სავალდებულო დაზღვევის მოლოდინში

ევროპული საბჭოს გადაწყვეტილების შემდეგ, დღის წესრიგში, რომ დადგა იმ 12 პუნქტის შესრულება, რომელიც ევროკომისიის რეკომენდაციებშია მოცემული, ფაქტია და ამ თემაზე პოლიტიკოსების განხილვები გრძელდება. მაგრამ ევროკავშირის მიერ დადგენილი პუნქტების პარალელურად, არაერთი საკითხია რომლის მოგვარებაზეც ქვეყანამ სტატუსის მიღების გზაზე უნდა იზრუნოს, სწორედ ერთ-ერთი მათგანი სავალდებულო დაზღვევაა, რაც ასევე წლებია ასოცირების ხელშეკრულებით გათვალისწინებული მოთხოვნაა.
საქართველოს სადაზღვევო კომპანიათა ასოციაციის გამგეობის თავმჯდომარე დევი ხეჩინაშვილი „კომერსანტთან“ ამბობს, რომ სექტორი ცდილობს სავალდებულო დაზღვევის კანონი ამოქმედდეს, რადგან არ შეიძლება, რომ სავალდებულო დაზღვევა დანერგილი იყოს მთელ მსოფლიოში და ჩვენთან არა. 
„ერთ-ერთი მოთხოვნა, რაც ევროკავშირიდან წლებია გვაქვს, არის ავტომფლობელთან პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევის გაშვება საქართველოში. ეს არის ერთ-ერთი გზა იმისა, რომ ბაზრის მოცულობა და მოსახლობის და ეკონომიკის დაცულობა გაიზარდოს. ჩვენი ბაზრის მოცულობას შეადარებენ ნორმალურ პარამეტრებს და იტყვიან, რომ არ არის თქვენი დაცულობა იმ დონეზე, რომელზეც უნდა იყოს, ჩვენ გეუბნებით ამისთვის რაც უნდა გააკეთოთ, მაგრამ... ავტომფლობელების დაზღვევა მოგვცემს დამატებით 200 მლნ ლარს, გაშუალედებურად კიდევ სადაზღვევო კულტურის განვითარებას შეუწყობს ხელს და სხვა რაღაცებს აამუშავებს. 
სავალდებულო დაზღვევის სახეობები, რომელიც მსოფლიოშია დანერგილი, მათი აბსოლუტური უმრავლესობა არ გავალებს, რომ თქვენი ქონება დააზღვიოთ, ეს თქვენი საქმეა, მაგრამ თქვენი ქმედებით სხვა რომ აზარალოთ, იმის ანაზღაურება და კომპენსაცია არ უნდა იყოს თქვენს  შეძლებაზე და შემოსავალზე დამოკიდებული.
საქართველოში მილიონ ნახევარი მანქანაა და მათ მფლობელებს არავინ ავალებს მანქანის დაზღვევას, არადა რამდენიმე ათეული ათასი ავტოსაგზაო შემთხვევაა წელიწადში. შესაბამისად, ამ ზარალების ანაზღაურება არ უნდა იყოს დამოკიდებული მძღოლის შესაძლებლობაზე. საქართველოს გარდა უკლებლივ ყველა ქვეყანაში, აფრიკის რამოდენიმე ქვეყანას თუ არ ჩავთვლით, სავალდებულოა მესამე პირის წინაშე ავტომფლობელთა პასუხისმგებლობის დაზღვევა. სავალდებულო დაზღვევის შემთხვევაში, ბრალეულობის მიუხედავად, გამონაკლისის გარეშე ხდება ანაზღაურება. სავალდებულო დაზღვევა სოციალური პროდუქტია და ავტოსაგზაო შემთხვევის ყველა პროდუქტი კომპენსირდება“, — ამბობს დევი ხეჩინაშვილი.
სადაზღვევო კომპანია „გლობალ ბენეფიტს ჯორჯიას“ გენერალური დირექტორი ნინო კობახიძე აღნიშნავს, რომ აუცილებლად უნდა ამოქმედდეს ავტომფლობელთა სამოქალაქო პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევა, რადგან საქართველო ამ მხრივ მსოფლიოში ერთადერთი ჩამორჩენილი ქვეყანაა.
„ევროკავშირიც ამაზე ძალიან ბევრი წელია მიგვითითებს, ასოცირების ხელშეკრულებითაც ვალდებულები ვართ. გარდა ამისა, სახელწმიფო ბიუჯეტიდან ძალიან ბევრი თანხა იფლანგება ავტომანქანების მიერ დაზიანებული ჯანმრთელობის და სიცოცხლის ანაზღაურებაზე. როგორც კი ეს დაიწყება, იმედი გვაქვს, რომ საცალო ბაზარი ნელ-ნელა გამოცოცხლებას დაიწყებს“, - აცხადებს კობახიძე.
„არდის” გენერალური დირექტორი მიხეილ ჯაფარიძე „კომერსანტთან“ განმარტავს, რომ სავალდებულო დაზღვევა როგორც ინდუსტრიისთვის, ასევე ქვეყნის განვითარებისთვის მნიშვნელოვანი წინ გადადგმული ნაბიჯი იქნება.
„სავალდებულო დაზღვევის მასობრივი სახეობები ყოველთვის ძალიან დიდი ბიძგია ბაზრის განვითარებისთვის, თუმცა მნიშვნელოვანია ისიც, თუ როგორ განვახორციელებთ ამ სიახლეს. მნიშვნელობა აქვს სისტემას, პროდუქტს ფასს და ბევრ სხვა შემადგენელს. სწორი განხორციელების შემთხვევაში ძალიან დიდი სტიმული იქნება ინდუსტრიისთვის და ქვეყნის ეკონომიკისთვის“, — აღნიშნავს მიხეილ ჯაფარიძე.
სადაზღვევო სექტორი ავტომფლობელთა მესამე პირის პასუხისმგებლობის დაზღვევის შემოღების შესახებ პარლამენტში ინიცირებული კანონპროექტის დამტკიცებას სამ წელზე მეტია ელოდება. კანონპროექტი პარლამენტში 2018 წლის 31 დეკემბერს დარეგისტრირდა, თუმცა დოკუმენტის განხილვები ჯერ კიდევ არ დაწყებულა. მოლოდინია, რომ პროცესი წელს დაიძვრება.
ამ დროისთვის საქართველოს მოსახლეობის მხოლოდ 18 პროცენტი სარგებლობს კერძო სამედიცინო დაზღვევით, ასევე საქართველოში რეგისტრირებული ავტომობილების მხოლოდ 7 პროცენტია დაზღვეული. 2022 წლის 3 თვეში 668,017 სამედიცინო დაზღვევის პოლისი იყო მოქმედი. ავტოდაზღვევის კუთხით კი, 105,454 პოლისი იყო გაყიდული.
"კომერსანტი"
05.07.2022
Bookmark this post on del.icio.usDigg this post on digg.comSubmit to PropelleSubmit this post on reddit.comShare on FacebookBookmark this post on Google
<< back
COPYRIGHT © 2010 - 2024
CREATED BY
Neomedia