არავინ იცის, ვინ რა სადაზღვევო პაკეტს ჰყიდის - დევი ხეჩინაშვილი უნივერსალური სადაზღვევო პაკეტის საჭიროებაზე

სავალდებულო უნივერსალური სადაზღვევო პაკეტის ამოქმედების აუცილებლობაზე სექტორი წლებია საუბრობს, თუმცა ბოლო პერიოდში საკითხი უფრო აქტუალური გახდა. როგორც სადაზღვევო კომპანიების წარმომადგენლები განმარტავენ, დაზღვევის უნივერსალური პაკეტის შექმნა ესაა მომხმარებლების დაცვის საუკეთესო მექანიზმი.
სადაზღვევო ასოციაციის ხელმძღვანელი დევი ხეჩინაშვილი „კომერსანტთან“ ამბობს, რომ მსგავსი პაკეტის ამოქმედების შემთხვევაში, სახელმწიფოს მიერ დაზოგილი თანხები იქნება სოლიდური და მათი უფრო მეტად მიზნობრივად  მიმართვა გახდება  შესაძლებელი. მისი თქმით,  სავალდებულო დაზღვევა გავრცელდება არა მხოლოდ დასაქმებულზე, არამედ მისი ოჯახზეც, რაც სოციალური ეფექტის მომტანი ცვლილება იქნება.
„დღეს არავინ იცის ვინ რა სადაზღვევო პაკეტს ჰყიდის. ქვეყანაში უნდა არსებობდეს დაფინანსებული სერვისების შეთანხმებული პაკეტი, რომელიც შეიძლება ნაწილობრივ სახლმწიფოს მიერ, ნაწილობრივ კი კერძო სექტორის მიერ ფინანსდებოდეს, თუმცა მინიმუმს მოიცავდეს, ის ქვედა დონე უნდა მოიცავდეს იმ სერვისებს. რომელიც აუცილებელია. ყველაზე რთული და სისტემური ეტაპი - ესაა უნივერსალური პაკეტის შემუშავება, რომელიც სავალდებულო უნდა იყოს. ამ პაკეტზე უნდა შეთანხმდენენ  ექიმები, სახელმწიფო, სხვადასხვა დაავადების მქონე პაციენტების ასოციაციები და სადაზღვევო სექტორი. ეს უნდა იყოს ფართე შეთანხმების შედეგად განსაზღვრული, ესენციური სერვისების მომცველი პაკეტი.
იმის სადემონსტრაციოდ, რა პრობლემებს ქმნის მსგავსი პაკეტის არარსებობა, ონკოლოგიურ სერვისებს მოვიყვან. მაგალითად, როდესაც ადამიანი ყიდულობს საშუალო, 30-ლარიან პაკეტს, საყოველთაოსთან შედარებით ეს პაკეტი სუსტია, რადგან ონკოლოგიური დაავადების შემთხვევაში მას უფინანსდება ქირურგია. საყოველთაო ჯანდაცვით სარგებლობის შემთხვევაში კი თერაპიული კურსის დაფინანსებასაც მიიღებდა. სავალდებულო პაკეტის არსებობის შემთხვევაში კი ნებისმიერი ადამიანი მიიღებდა თანაბარ და უფრო სრულყოფილს სერვისებს იმის მიუხედავად, საყოველთაო ჯანდაცვის ბენეფიციარია თუ - კერძოს.
მნიშვნელოვანია, რომ ამ, უნივერსალური პაკეტის გაუმჯობესების უფლება ნებისმიერ ადამიანს და ასევე სახელმწიფოს უნდა ჰქონდეს. სახელმწიფოს შეუძლია, ყველაზე უმწეო მოქალაქეებს გაუმჯობესებული სერვისები დაუმატოს, კერძო კომპანიებსაც შეეძლებათ, მომხმარებელს დამატებითი პირობები შეთავაზონ და ამით დაზღვევის პირობები გააუმჯობესონ,“ — განმარტავს დევი ხეჩინაშვილი.
დღეს ჯანმრთელობის დაზღვევის 700 ათასამდე მოქმედი პაკეტია, რაც მოსახლეობის მხოლოდ 18%-ს შეადგენს, უმრავლესი ნაწილის ჯანმრთელობაზე ზრუნვა კი სახელმწიფოს პასუხისმგებლობაა.
"კომერსანტი"
23.02.2023
Bookmark this post on del.icio.usDigg this post on digg.comSubmit to PropelleSubmit this post on reddit.comShare on FacebookBookmark this post on Google
<< უკან დაბრუნება
COPYRIGHT © 2010 - 2024
CREATED BY
Neomedia