„ინდივიდუალურ დაზღვევაზე მოთხოვნა „საყოველთაო ჯანდაცვის“ ამოქმედებამ შეამცირა“ - ასოციაცია

სადაზღვევო ბაზარზე ინდივიდუალური სამედიცინო დაზღვევის 50 ათასამდე პოლისია მოქმედი. როგორც სადაზღვევო ასოციაციის პრეზიდენტმა დევი ხეჩინაშვილმა „კომერსანტთან“ განმარტა, ინდივიდუალურ დაზღვევაზე მოთხოვნა „საყოველთაო ჯანდაცვის“ ამოქმედებამ შეამცირა.
მისი თქმით, მიუხედავად იმისა რომ სადაზღვევო სექტორისთვის ინდივიდუალური დაზღვევა არ წარმოადგენს მთავარ დასაყრდენ პროდუქტს შემოსავლების თვალსაზრისით, მაინც მნიშვნელოვანია.
„ქვეყანაში მოქმედი 700 ათასამდე კერძო სამედიცინო სადაზღვევო პოლისი და მხოლოდ 50 ათასამდეა ინდივიდუალურ სამედიცინო დაზღვევის. ინდივიდუალურ დაზღვევაზე მოთხოვნა „საყოველთაო ჯანდაცვის“ ამოქმედებამ შეამცირა, თუმცა ის მაინც მნიშვნელოვანია.
ზოგადად მსოფლიოში ინდივიდუალური სადაზღვევო პოლისის გაყიდვა პრობლემურია, რადგან კომპანია ბევრ დეტალში უნდა დარწმუნდეს, მათ შორის მთავარია ის, ხომ არ ყიდულობს მომხმარებელი ამ პროდუქტს უკვე არსებული დიაგნოზის სამკურნალოდ. შესაბამისად, პოლისის გაყიდვამდე კომპანია დაზღვევის მსურველის შესახებ ინფორმაციის შეგროვებას იწყებს ქრონიკული დაავადებებისა და ჯანმრთელობის სხვა პრობლემების არსებობის შესახებ. პოლისს აქვს მოცდის საკმაოდ დიდი ვადა, რაც მას ნაკლებად სასურველს ხდის.
ამ ეტაპზე ყველაზე პრიორიტეტული საკითხი, რომელმაც გაუმჯობესება უნდა მოიტანოს, საყოველთაო პაკეტზე დაშენების უფლების ყველა მოქალაქისთვის მიცემაა. ამით არ ავშენდებით, მაგრამ დაახლოებით 2 მილიონ ადამიანს ექნება საშუალება, ის სერვისები, რომლებიც არ შედის საყოველთაო ჯანდაცვაში ან ნაწილობრივ იფარება, დაფაროს არა საკუთარი ჯიბიდან, არამედ სადაზღვევო კომპანიიდან“, - ამბობს დევი ხეჩინაშვილი.
დაშენებული სადაზღვევო პაკეტის შემოღებას სადაზღვევო ბაზრის წარმომადგენლები წლებია ითხოვენ. მათი თქმით, ეს მოქალაქეს საშუალებას აძლევს, ერთი მხრივ, იყოს საყოველთაო დაზღვევის პროგრამაში, ხოლო ის დაავადებები, რომლებსაც საყოველთაო დაზღვევა არ ფარავს, კერძო სადაზღვევო კომპანიიდან შეივსოს.
დაშენებული სადაზღვევო სისტემა ხელისუფლებამ 2017 წლის მაისიდან გააუქმა, მას შემდეგ, რაც საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში დიფერენცირებული პაკეტები ამოქმედდა.
"კომერსანტი"
15.06.2023
Bookmark this post on del.icio.usDigg this post on digg.comSubmit to PropelleSubmit this post on reddit.comShare on FacebookBookmark this post on Google
<< უკან დაბრუნება
COPYRIGHT © 2010 - 2024
CREATED BY
Neomedia