„უნდა წავიდეთ დასაქმებულებისთვის სავალდებულო დაზღვევის შემოღების გზით“ - დევი ხეჩინაშვილი

საქართველოში დაზღვევის კულტურა ნელი ტემპებით, თუმცა მაინც ვითარდება, რასაც მიმდინარე წლის პირველი თვეების წინასწარი მონაცემებიც ადასტურებს, სადაც ჯანმრთელობის და ავტომობილის სადაზღვევო პოლისების რაოდენობა დაახლოებით 10%-თაა გაზრდილი, თუმცა ქონების მიმართულებით პროგრესი არ გვაქვს.
ამასთან, სექტორის დაზუსტებული კვარტალური მაჩვენებლები ჯერ არ გამოქვეყნებულა. ამის შესახებ jandacva.ge-სთან საუბარში სადაზღვევო ასოციაციის ხელმძღვანელმა დევი ხეჩინაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა ვითარდება და სახელმწიფო ბევრ კარგ ნაბიჯს დგამს, თუმცა არ ხდება დაზღვევის სისტემაში კერძო კომპანიების ჩართვა. ხეჩინაშვილის განცხადებით, დიდი შეცდომაა, რომ საყოველთაო ჯანდაცვაზე კერძო პაკეტის დაშენების უფლება ყველა მოქალაქეს არ აქვს, შედეგად კი ის სახელმწიფო ხარჯები, რომლებიც არა საყოველთაო, არამედ რეფერალური პროგრამით იფარება, სულ უფრო იზრდება.
„ვერ გეტყვით, რატომ არ დგამს სახელმწიფო ნაბიჯებს დაშენებული პაკეტის მიმართულებით, რადგან ეს მისთვის სრულიად უმტკივნეულო იქნებოდა და დამატებითი ხარჯების წარმოშობას არ გამოიწვევდა. საყოველთაო ჯანდაცვის ნაწილში სამინისტრო კარგად მუშაობს, მაგრამ შეცდომაა, როცა ის თვლის, რომ ყველაფერი კარგადაა. ეს რომ ასე არაა, ამას ისიც მოწმობს, რომ საყოველთაო ჯანდაცვაში სხვადასხვა კატეგორიის მოქალაქეებისთვის სერვისების დაყოფა მოუწიათ შემოსავლების მიხედვით. თუმცა აქაც პრობლემაა - მაგალითად, თუ ადამიანის წლიური შემოსავლები 40 ათას ლარს აჭარბებს, მას საყოველთაო ჯანდაცვა არ ეკუთვნის, ხოლო თუ ის კერძო დაზღვევის შეძენაზე უარს ამბობს, შესაძლოა დადგეს შემთხვევა, როცა ძვირად ღირებულ მკურნალობას ვერ გასწვდება.
სადაზღვევო კულტურა კი მხოლოდ საინფორმაციო კამპანიებით და მოწოდებებით ვერ ამაღლდება, ეს უნდა არსებობდეს რეგულატორულად - უნდა წავიდეთ სტანდარტული პაკეტის შექმნისა და დასაქმებულებისთვის სავალდებულო დაზღვევის შემოღების გზით, რაც არაპოპულარული გადაწყვეტილებაა და საშუალო პაკეტის გაძვირების ეშინიათ, რადგან ადამიანები შეეჩვივნენ ჯანდაცვის უფასო სერვისების მიღებას. უფასო კი არაფერი არ არსებობს.“- განაცხადა დევი ხეჩინაშვილმა.
"კომერსანტი"
28.07.2023
Bookmark this post on del.icio.usDigg this post on digg.comSubmit to PropelleSubmit this post on reddit.comShare on FacebookBookmark this post on Google
<< უკან დაბრუნება
COPYRIGHT © 2010 - 2024
CREATED BY
Neomedia