„წელიწადში დაახლოებით 120 000 ზარალი ანაზღაურდება“ - ასოციაცია ავტომფლობელთა სავალდებულო დაზღვევის მოლოდინში

ავტომფლობელთა სავალდებულო დაზღვევის შესახებ კანონპროექტზე მუშაობა დასრულდა. „საქართველოში რეგისტრირებული ავტოსატრანსპორტო საშუალების მფლობელის სამოქალაქო პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევის“ შესახებ კანონპროექტს მთავრობა საკანონმდებლო ორგანოში მიმდინარე საშემოდგომო სესიაზე წარადგენს. ცვლილებების მიხედვით, ავტოსატრანსპორტო საშუალების მფლობელი ვალდებული იქნება, შეიძინოს სავალდებულო დაზღვევის პოლისი და გადაიხადოს სადაზღვევო პრემია.
სადაზღვევო ასოციაციის ხელმძღვანელი დევი ხეჩინაშვილი „კომერსანტთან“ ამბობს, რომ სექტორი წლების განმავლობაში ელის ამ ცვლილებას, რომლის შედეგადაც ბიზნესს დაახლოებით 200 მლნ ლარის შემოსავალი ექნება, ხოლო წელიწადში 120 000 ზარალი ანაზღაურდება.
„ეს ცვლილება სიტუაციას შეცვლის რადიკალურად. ჩვენთვის ყველაზე კარგი რეკლამა იქნება ანაზღაურებული ზარალი, რომ გადავხედოთ მონაცემებს, 1.7 მლნ ავტომობილია რეგისტრირებული, ალბათ მინიმუმ 1.2 მლნ არის აქტიური, აქედან გამომდინარე, ეს დაზღვევა რომ ამოქმედდება, წელიწადში დაახლოებით 120 000 ზარალი იქნება ანაზღაურებული. ანაზღაურებული ზარალი მნიშვნელოვნად იმოქმედებს მომავალში სადაზღვევო კულტურის ჩამოყალიბებაზე. 
მოგეხსენებათ, ერთ-ერთი მოთხოვნა, რაც ევროკავშირიდან წლებია გვაქვს, არის ავტომფლობელთა პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევის გაშვება საქართველოში. ეს არის ერთ-ერთი გზა იმისა, რომ ბაზრის მოცულობა და მოსახლეობის და ეკონომიკის დაცულობა გაიზარდოს.
საქართველოში მილიონ ნახევარზე მეტი მანქანაა და მათ მფლობელებს არავინ ავალებს მანქანის დაზღვევას, არადა რამდენიმე ათეული ათასი ავტოსაგზაო შემთხვევაა წელიწადში. შესაბამისად, ამ ზარალების ანაზღაურება არ უნდა იყოს დამოკიდებული მძღოლის შესაძლებლობაზე. საქართველოს გარდა უკლებლივ ყველა ქვეყანაში, აფრიკის რამდენიმე ქვეყანას თუ არ ჩავთვლით, სავალდებულოა მესამე პირის წინაშე ავტომფლობელთა პასუხისმგებლობის დაზღვევა. სავალდებულო დაზღვევის შემთხვევაში, ბრალეულობის მიუხედავად, გამონაკლისის გარეშე ხდება ანაზღაურება. სავალდებულო დაზღვევა სოციალური პროდუქტია და ავტოსაგზაო შემთხვევის ყველა პროდუქტი კომპენსირდება“, — ამბობს დევი ხეჩინაშვილი.
როგორ კანონპროექტში ვკითხულობთ, საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევებით გამოწვეულ მაღალ ხარჯებთან გამკლავების პრობლემა მოითხოვს სისტემურ გადაწყვეტას, რაც ათწლეულების კვლევისა და მრავალი ქვეყნის გამოცდილების გათვალისწინებით, შესაძლებელია, განხორციელდეს ავტოსატრანსპორტო საშუალების მფლობელის სამოქალაქო პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევის სისტემის დანერგვის გზით. ამ სისტემის ფარგლებში საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის შედეგად დაზარალებული პირი სათანადო კომპენსაციას კანონით განსაზღვრულ ფარგლებში იღებს მაშინაც კი, როდესაც ავარია გამოწვეულია დაუზღვეველი ან/და დაუდგენელი ავტოსატრანსპორტო საშუალებით.
„სოციალური დაცვის ამ ქმედითი მექანიზმის შესაქმნელად თითოეული ავტოსატრანსპორტო საშუალების მფლობელი ვალდებულია, შეიძინოს სავალდებულო დაზღვევის პოლისი და გადაიხადოს სადაზღვევო პრემია.
ავტოსატრანსპორტო საშუალებების მფლობელთა სამოქალაქო პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევა წარმოადგენს ეკონომიკისა და სადაზღვევო სფეროს განვითარების ერთ-ერთ კომპონენტს და ხელს უწყობს საზოგადოებაში სოციალურ-ეკონომიკურ სტაბილურობას, უზრუნველყოფს ზიანის ანაზღაურების გარანტიების შექმნას, ცივილიზებულად აგვარებს საგზაო–სატრანსპორტო შემთხვევით წარმოქმნილ დავებს და პრობლემებს. სავალდებულო დაზღვევის ამ სახეობის დანერგვა ხელს შეუწყობს სახელმწიფოში სადაზღვევო კულტურის, ამ მიმართულებით მოქალაქეთა ცნობიერების და სექტორისადმი ნდობის ამაღლებას, რომლის გარეშეც შეუძლებელია დაზღვევის, როგორც მოულოდნელ ფინანსურ დანახარჯებთან გამკლავების ალტერნატიული საშუალების ეფექტიანი ფუნქციონირება“, - ნათქვამია კანონპროექტის შესახებ ინფორმაციაში.
ავტომფლობელთა მესამე პირისადმი პასუხისმგებლობის დაზღვევის კანონპროექტი პარლამენტში ჯერ კიდევ 2018 წლის 31 დეკემბერს დარეგისტრირდა, თუმცა, შემდგომ მისი განხილვა შეჩერდა. აღნიშნული კანონის მიღება ევროკავშირთან ხელმოწერილი ასოცირების შესახებ ხელშეკრულების ფარგლებში აუცილებლად შესასრულებელი მოთხოვნაა. იგეგმება, რომ ზემოხსენებული დაზღვევის ფლობის ვალდებულება ძალაში 2024 წლიდან შევა.
"კომერსანტი"
11.09.2023
Bookmark this post on del.icio.usDigg this post on digg.comSubmit to PropelleSubmit this post on reddit.comShare on FacebookBookmark this post on Google
<< უკან დაბრუნება
COPYRIGHT © 2010 - 2024
CREATED BY
Neomedia