ესპანეთი - დაზღვევა ბიუროკრატიისგან?

ჯერ კიდევ ათი წლის წინ ესპანეთის სადაზღვევო სისტემა ევროკავშირის ბევრი ქვეყნისთვის სამაგლითოდ გამოდგებოდა. სამედიცინო ცენტრები ქვეყანაში უახლესი აპარატურით აღჭურვეს, ექიმები მკურნალობის სხვადასხვა საშუალებებს სთავაზობდნენ ავადმყოფებს, დამატებითად ფულის გადახდა ამ ყველაფერში საჭირო სულაც არ იყო.
თუმცა ბოლო წლების განმავლობაში სიტუაცია მკვეთრად შეიცვალა. ჰოსპიტლები და საავადმყოფოები ვერ ახერხებდნენ პაციენტების რაოდენობასთან გამკლავებას, ხოლო მომსახურების დონე და ხარისხი მნიშვნელოვნად დაეცა. ამ ყველაფრის შედეგი ის არის, რომ კვალიფიციური სამედიცინო მომსახურება დამატებითი დანახარჯების გარეშე ხელმისაწვდომი აღარაა.
რაღაც მომენტში სიტუაციამ კრიტიკულ ზღვარს მიაღწია და სიკვდილის შემთხვევაში კომპენსაციის მიღება სასამართლოს ძალითაც კი ძნელი მისაღწევი გახდა. ხელისუფლება ამ პრობლემას დიდ ყურადღებას არ უთმობდა. ამიტომ ბევრმა ესპანელმა ალტერნატიული ვარიანტი მოძებნა. სწორედ ამ დროს გამოჩნდა ძალიან ბევრი კერძო სადაზღვევო კომპანია. მათი პირობები კი სახელმწიფო დაზღვევის პირობებს არაფრით ჩამოუვარდებოდა. დღეს ესპანელების მნიშვნელოვანი ნაწილი (6 მილიონი - მოსახლეობის 12 პროცენტი) კერძო სადაზღვევო კომპანიების მომსახურებით სარგებლობს.
თუმცა ვერც ამან გადაწყვიტა ბევრი პრობლემა. გართულებული ბიუროკრატიული  მექანიზმის პირობებში კუთვნილი თანხის მიღებას წლები სჭირდება. უნდა აღინიშნოს, რომ გადახდისას ესპანელები „ძუნწები“ სულაც არ არიან. განსაკუთრებით მაშინ როცა საქმე მასშტაბურ კატასტროფებს ეხება. ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი კომპენსაცია  დაზარალებულებს  რკინიგზის ოთხი ვაგონის აფეთქების დროს გადაუხადეს 2004 წელს. თითოეულმა ოჯახმა, რომელმაც ახლობელი ადამიანი დაკარგა, სასამართლოს გადაწყვეტილებით 400 ათასი ევრო მიიღო, ხოლო თითოეულ დაზარალებულმა 200 ათასი ევრო. ნაკლებად მასშტაბური უბედური შემთხვევის დროს კომპენსაციის თანხა უფრო მოკრძალებულია (6 ათასიდან 12 ათას ევრომდე) სიკვდილის ან მძიმე ტრავმის შემთხვევაში. მიუხედავად ამისა, კომპენსაციის მიღება როგორც სახელმწიფო ისე კერძო დაზღვევის შემთხვევაში საკმაოდ იწელება. ბოლო ხუთი წლის განმავლობაში გაიზარდა თვითმკვლელობების რიცხვი, რაც სპეციალისტების აზრით დაზღვევასთანაც არის დაკავშირებული. ამ უარყოფითმა ტენდენციამ სახელმწიფოს ყურადღება მიიპყრო  და ქვეყანაში შეიქმნა ახალი სახელმწიფო სტრუქტურა - დაზღევის კომპენსაციის კონსორციუმი. ამ ორგანიზაციის მიზანია ეტაპობრივად მიადევნოს თვალი როგორ და რა ვადებში იღებენ კომპენსაციას დაზარალებულები.
07.12.2010
Bookmark this post on del.icio.usDigg this post on digg.comSubmit to PropelleSubmit this post on reddit.comShare on FacebookBookmark this post on Google
<< უკან დაბრუნება
COPYRIGHT © 2010 - 2022
CREATED BY
Neomedia