"ალდაგი" 13 ივნისის სტიქიის შედეგად დაზარალებულ დაზღვეულებს ზარალს უმოკლეს ვადებში აუნაზღაურებს

 სადაზღვევო კომპანია ალდაგი 13 ივნისის სტიქიის შედეგად დაზარალებულ დაზღვეულებს ზარალს უმოკლეს ვადებში აუნაზღაურებს. 14 ივნისიდან დღემდე, სადაზღვევო კომპანია ალდაგში 100-მდე შეტყობინება შემოვიდა. შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, ალდაგმა გაამარტივა ზარალის დარეგულირების პროცედურები, რაც დაზღვეულებს დაეხმარებათ, დამატებითი დოკუმენტაციის წარმოდგენის გარეშე, უმოკლეს დროში მიიღონ კუთვნილი ანაზღაურება.
ამ ეტაპზე, სრულად დათვლილი და ინსპექტირებულია სტიქიის შედეგად დაზიანებული ავტომობილები. დაფიქსირებული 40 შემთხვევის შედეგად, ზარალის ჯამური რაოდენობა რამდენიმე ასეულ ათას ლარს აღწევს. ავტო მფლობელთათვის ზარალების დარეგულირება კომპანიამ უკვე დაიწყო და ეს პროცესი რამდენიმე დღეში დასრულდება.
ინსპექტირებულია ზარალების ძირითადი ნაწილი ქონების დაზღვევის მიმართულებითაც. სამუშაოების დასრულებისთანავე ალდაგი დაიწყებს ანაზღაურების გაცემას. ქონების დაზღვევის შემთხვევაში, სტიქიამ ფიზიკური და იურიდიული პირების კუთვნილი 60 ობიექტი დააზიანა.
კომპანიამ ასევე მიიღო გადაწყვეტილება ერთჯერადი 5000 ლარიანი ფულადი დახმარება გაუწიოს 13 ივნისის სტიქიის დროს გმირულად დაღუპული მეხანძრე-მაშველის, 37 წლის ზურაბ მუზაშვილის ოჯახს. ალდაგი მწუხარებას გამოთქვამს მომხდარი ტრაგედიის გამო და სამძიმარს უცხადებს დაღუპულთა ოჯახებს.
სადაზღვევო კომპანია ალდაგი 13 ივნისის სტიქიის შედეგად დაზარალებულ მოქალაქეებს დაეხმარება. ალდაგი ყველაზე რთულ მდგომარეობაში მყოფი 25 ოჯახისთვის საყოფაცხოვრებო ტექნიკას, კერძოდ, მაცივრებსა და ტელევიზორებს შეიძენს.
კომპანიამ მიიღო გადაწყვეტილება, გააუქმოს 25 წლის იუბილესთან დაკავშირებული ყველა დაგეგმილი ღონისძიება და აღნიშნული თანხა მხოლოდ 13 ივნისის სტიქიის შედეგად დაზარალებულ მოქალაქეებს მოხმარდებათ.
17.06.2015
Bookmark this post on del.icio.usDigg this post on digg.comSubmit to PropelleSubmit this post on reddit.comShare on FacebookBookmark this post on Google
<< back
COPYRIGHT © 2010 - 2024
CREATED BY
Neomedia