ალდაგი 13 ივნისს სტიქიიტ დაზარალებულ დაზღვეულებს ზარალს უმოკლეს ვადაში აუნაზღაურებს
ამ ეტაპზე, სრულად დათვლილი და ინსპექტირებულია სტიქიის შედეგად დაზიანებული ავტომობილები. დაფიქსირებული 40 შემთხვევის შედეგად, ზარალის ჯამური რაოდენობა რამდენიმე ასეულ ათას ლარს აღწევს. ავტო მფლობელთათვის ზარალების დარეგულირება კომპანიამ უკვე დაიწყო და ეს პროცესი რამდენიმე დღეში დასრულდება.
ინსპექტირებულია ზარალების ძირითადი ნაწილი ქონების დაზღვევის მიმართულებითაც. სამუშაოების დასრულებისთანავე ალდაგი დაიწყებს ანაზღაურების გაცემას. ქონების დაზღვევის შემთხვევაში, სტიქიამ ფიზიკური და იურიდიული პირების კუთვნილი 60 ობიექტი დააზიანა.
კომპანიამ ასევე მიიღო გადაწყვეტილება ერთჯერადი 5000 ლარიანი ფულადი დახმარება გაუწიოს 13 ივნისის სტიქიის დროს გმირულად დაღუპული მეხანძრე-მაშველის, 37 წლის ზურაბ მუზაშვილის ოჯახს. ალდაგი მწუხარებას გამოთქვამს მომხდარი ტრაგედიის გამო და სამძიმარს უცხადებს დაღუპულთა ოჯახებს.
სადაზღვევო კომპანია ალდაგი 13 ივნისის სტიქიის შედეგად დაზარალებულ მოქალაქეებს დაეხმარება. ალდაგი ყველაზე რთულ მდგომარეობაში მყოფი 25 ოჯახისთვის საყოფაცხოვრებო ტექნიკას, კერძოდ, მაცივრებსა და ტელევიზორებს შეიძენს.
კომპანიამ მიიღო გადაწყვეტილება, გააუქმოს 25 წლის იუბილესთან დაკავშირებული ყველა დაგეგმილი ღონისძიება და აღნიშნული თანხა მხოლოდ 13 ივნისის სტიქიის შედეგად დაზარალებულ მოქალაქეებს მოხმარდებათ.
17.06.2015