საბავშვო დაზღვევა საქართველოში

ყოველ პარასკევს 14 საათზე საქართველოს სადაზღვევო ასოციაცია გთავაზობთ გადაცემას „ღია სტუდია“. მიიღეთ თქვენთვის საჭირო ინფორმაცია, პირდაპირ ეთერში დაუსვათ შეკითხვა დაზღვევის სფეროს წარმომადგენლებს და გაიგეთ უფრო მეტი დაზღვევის სექტორზე.
სადაზღვევო ასოციაციის 2011 წლის 4 მარტის რადიო-გადაცემის  სტუმარია სადაზღვევო კომპანია „პარტნიორის“ გაყიდვებისა და მარკეტინგის დეპარტამენტის დირექტორი ანდრო ხუხუნაიშვილი. 
„ სადაზღვევო კომპანია „პარტნიორი“ უკვე ერთი წელია აზღვევს ბავშვებს. ერთი წლის წინ შევნიშნეთ ტენდენცია, რომ ბაზარზე არ არსებობდა 1-დან 14 წლამდე ბავშვებისთვის დაზღვევა, უფრო მარტივად რომ ვთქვათ, მათზე მორგებული კონკრეტული პროდუქტი. რა თქმა უნდა ხდებოდა ინდივიდუალური და კორპორაციული დაზღვევის დროს შვილების დაზღვევა, თუმცა მხოლოდ ბავშვებისთვის ცალკე პროდუქტი არ არსებობდა“ - განაცხადა ანდრო ხუხუნაიშვილმა.
„ ბავშვების დაზღვევა ხდებოდა ასევე საოჯახო დაზღვევის ფარგლებში. ჩვენმა კომპანიამ მისცა მშობლებს იმის საშუალება, რომ თავისი შვილები  დამოუკიდებლად დააზღვიონ.“
სადაზღვევო კომაპნია „პარტნიორის“ გაყიდვებისა და მარკეტინგის განყოფილების ხელმძღვანელის განცხადებით, პროდუქტი არის სრულყოფილი, მოიცავს ყველა იმ სერვისს, რაც კი შეიძლება ბავშვს დასჭირდეს.
კომპანია უკვე ათასამდე ბავშვს აზღვევს და ეს რიცხვი დროთიდღე იზრდება.
„საბავშვო დაზღვევა - ეს არის ჯანმრთელობის დაზღვევის პროდუქტი. ყველა დაზღვეულს ჰყავს ოჯახის ექიმი, რომელსაც მიმართავს ჩივილის არსებობის შემთხვევაში. ოჯახის ექიმის კონსულტაციის შემდეგ, ხდება ბავშვის გადამისამართება ვიწრო სპეციალობის ექიმებთან. თუ საჭირო ხდება ამბულატორიული  მკურნალობა ან ქირურგიული ჩარევა, ბავშვს სხვადასხვა მიზნობრივ კლინიკებში ამისამართებენ, სადაც ხდება მათი მკურნალობა. აქვე შეუძლიათ მიიღონ ბავშვებმა სხვადასხვა სახის  სამედიცინო სერვისი.“
„ამჟამად, გვაქვს ურთიერთობა რამდენიმე ბაღთან, რადგან ეს არის ჩვენი პროდუქტის ერთ -ერთი მიზნობრივი სეგმენტი. ადვილია მათი საშუალებით ინფორმაციის მიწოდება მშობლებისთვის. მათ შეუძლიათ, იმისდა მიუხედავად სარგებლობენ თუ არა თვითონ დაზღვევით, დაიცვან თავისი შვილების ჯანმრთელობა ჩვენი პროდუქტის საშუალებით. საოჯახო პაკეტის შეძენა, უხეშად რომ ვთქვათ, სამჯერ უფრო ძვირია ინდივიდუალურ პაკეტთან შედარებით. ჩვენი პროდუქტი კი  საცალო პროდუქტია და  ჩვენ ყველანაირად ვეცადეთ, რომ ფასითაც მოსახერხებელი ყოფილიყო მშობლებისთვის.
სადაზღვევო კომპანია „პარტნიორი“ მშობლებს სამი სახის პაკეტს სთავაზობს: 10, 29 და 49 ლარიან სადაზღვევო პაკეტებს.
რაც შეეხება დაზღვევის პირობებს, შედის პირადი საბავშვო ექიმის მომსახურება, გეგმიური ამბულატორიული მკურნალობა, გლანდების და პოლიპების ოპერაცია, სტომატოლოგიური მომსახურება და ა.შ. დამატებითი და უფრო დეტალური ინფორმაცია შეგიძლიათ ნახოთ  თვითონ სადაზღვევო კომპანიის საიტზე.



COPYRIGHT © 2010 - 2024
CREATED BY
Neomedia