სადაზღვევო საქმის აკადემიური სწავლება
6 მაისის “ სადაზღვევო გზამკვლევის“ რადიო-სტუმარი ილიას უნივერსიტეტის ბიზნეს ფაკულტეტის დეკანი თენგიზ ვერულავა
სადაზღვევო ბაზრის ზრდასთან ერთად დაზღვევის საუნივერსიტეტო სწავლების პრობლემა სულ უფრო აქტუალური ხდება. რამდენად შეავსებს ამ ბაზარზე არსებულ დეფიციტს დაზღვევის სამაგისტრო სწავლების თქვენი კურსი, რომელიც მალე ამოქმედდება?
ქვეყანაში მიმდინარე რეფორმების შედეგად, რაც ასევე სადაზღვევო სფეროს ეხება, აქტუალური ხდება სადაზღვევო კადრების მომზადებაც. ჩვენი უნივერსიტეტის მიზანიც სწორედ ეს გახლავთ. საუნივერსიტეტო სწავლებამაც სწორედ ეს საქმე უნდა შეასრულოს. აქამდე სადაზღვევო სწავლების მხოლოდ მოკლევადიანი და სპეციალიზებული სასერტიფიკატო კურსები იყო, რომელმაც ცხადია თავისი როლი შეასრულა, თუმცა ამ კურსებს აკლდა აკადემიური მიდგომა, სადაც სრულად იქნებოდა წარმოდგენილი სადაზღვევო საქმის სწაველბისთვის ყველა საჭირო კომპონენტი. ჩვენი უნივერსიტეტის სამაგისტრო პროგრამა ხელს შეუწყობს სადაზღვევო სისტემაში არსებული პრობლემების გამოვლენას და იდენტიფიკაციას, სადაზღვევო პროცესის დაგეგმვას და მართვას.
რას მოიცავს თქვენს მიერ მომზადებული კურსი და რა ცოდნას მიიღებენ სტუდენტები?
ძირითადი მოთხოვნა ის არის, რომ მსურველს ბაკალავრის დიპლომი უნდა ჰქონდეს. კარგი იქნება თუ მენეჯმენტის კუთხით იქნება განათლებული. სასურველია, თუ ისინი იმუშავებენ სადაზღვევო სფეროში და ჩვენ ცოდნის გაღრმავებისთვის მოგვმართავენ. თუმცა მსურველების პროფესია და განათლება მათთვის ხელისშემშლელი ფაქტორი ვერ გახდება სადაზღვევო საქმის სამაგისტრო კურსის გავლისთვის. გვაქვს ასეთი საგანიც, სადაზღვევო სამართალი, რომელიც იურისტებს აუცილებლად დააინტერესებთ. მომზადებული გვაქვს უკვე საბაკალავრო სწავლების პროგრამაც, ასევე სადოქტოროც.
საკმაოდ სერიოზული პრობლემაა სასწავლო მასალების, სახელმძღვანელოების ნაკლებობა. როგორ აპირებთ ამ პრობლემის აღმოფხვრას?
ეს კურსი ინოვაციური გახლავთ და მსოფლიოს საუკეთესო სკოლების გამოცდილებაზეა დაფუძნებული. თავად სამაგისტრო პროგრამა 11 ძირითადი და 17 არჩევითი საგნისგან შედგება. ძირითადი საგნებიდან აღსანიშნავია სადაზღვევო საქმე, რომელიც შეისწავლის სადაზღვევო ორგანიზაციის მართვას, მის ძირითად პრინციპებს და კონცეფციებს, სადაზღვევო სისტემის რეგულირებას. გვაქვს ასევე მეორე საგანი სადაზღვევო რისკის მართვა. აქ ისწავლება რისკის გამოვლენის და დაზღვევის პროცესის თეორიული და პრაქტიკული ჩვევების გამოვლენა. გარდა ამისა ჩვენ გვაქვს ორი საგანი ძალიან დეფიციტური და მნიშვნელოგვანი დღეს სადაზღვევო ბაზრისთვის: სიცოცხლის და არასიცოცხლის დაზღვევის აქტუარული აღრიცხვა.